Thumbnail
  • ფიფას სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ხშირად იმართებოდეს
  • პეპ გვარდიოლას და იურგენ კლოპს ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი აქვთ

ლონდონის არსენალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა და ამ ჟამად ფიფას გლობალური განვითარების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ახალი იდეა წამოაყენა. მას სურს, რომ მუნდიალი 4-წლიანი შუალედის ნაცვლად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდებოდეს. ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი, თუმცა პროექტს ბევრი მომხრეც ჰყავს.

მაგალითად, ვენგერის იდეა მოსწონს მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 2 წელიწადში ერთხელ ჩატარება ცუდი საერთოდაც არაა და ფიქრობს, რომ მხარეებმა ამის შესახებ უნდა იმსჯელონ.

"ყოველთვის მიხარია, როდესაც მაგიდაზე ახალი იდეები იდება. საჭირო არ არის იდეების კრიმინალიზაცია. კლუბები და ლიგები იცავენ თავიანთ პოზიციას, უეფა და ფიფა კი თავიანთ პოზიციებს იცავენ. სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ გლობალური ფეხბურთის იდეებზე, ეს სასაცილოა, რადგან ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს. მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე დიდი ტურნირია და როგორც მაყურებელს, ყოველთვის მსიამოვნებს მისი ყურება. მუნდიალის ნახვის საშუალება 2 წელიწადში ერთხელ რომ მქონდეს, კარგი იქნება. სრულიად ვეთანხმები არსენ ვენგერს იმაში, რომ თუ ეს ტურნირი არ იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი, კალენდარს სხვა ტურნირები შეავსებენ - იქნება ეს კონფედერაციის თასი ან რაიმე ახალი ტურნირი. არსენი გვთავაზობს უდიდესი ხარისხის ტურნირს. მოხარული ვარ, რომ ერთმა ადამიანმა, რომელმაც წარმოუდგენელი რამ გააკეთა ფეხბურთში, არა მხოლოდ პრემიერლიგაში, მაგიდაზე ახალი სიტუაცია დადო", - განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლას აზრით მხარეებმა ახალი იდეა უნდა განიხილონ

პეპისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ლივერპულის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამით არსებული მჭიდრო კალენდარი კიდევ უფრო გადაიტვირთება და ფეხბურთელებზე გაზრდილი წნეხი კარგ არაფერს მოიტანს. კლოპის აზრით, თამაშების რაოდენობის გაზრდა, მხოლოდ ფულის და შემოსავლების გაზრდის გამო ხდება.

კლოპი: "თუ მუნდიალი 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ეს 100 პროცენტით იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატიც ასეთი ფორმატით გაიმართება. გამოდის, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს ყოველ ზაფხულს ექნებათ დიდი სანაკრებო ტურნირი. ყველამ ვიცით, რატომ ხდება ეს - მომხრეები იტყვიან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვეყნებისთვის მეტი შანსის მისაცემად, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ფულის გამო ხდება. ბევრი ფული ცუდი არ არის, მაგრამ ყოველი ახალი რეფორმა ყოველთვის უფრო მეტი თამაშის ჩატარებას ნიშნავს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს სწორი არ არის, მაგრამ აშკარად არ აქვს მნიშვნელობა, რას ვამბობ, რადგან არავინ ისმენს". 

კომენტარები

ბოლო ამბები