Thumbnail
  • 📅 11 სექტემბერი | 🏟 რედ ბულ არენა| ⌚ 20:30 | ⚽ ლაიპციგი V ბაიერნი
  • ნაგელსმანის, უპამეკანოს და ზაბიტცერის ფაქტორი დამატებითი ინტრიგაა
  • ამ თამაშის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში ორივეს რთული შეხვედრები ელის
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

სანაკრებო პაუზის გამო, ბუნდესლიგის მე-4 ტური არა ტრადიციულად პარასკევს, არამედ შაბათს იწყება. ტურის მთავარი მატჩი, ამავდროულად, გერმანიის ჩემპიონატის ტოპთამაშია: ლაიპციგი თავის “რედ ბულ არენაზე” მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.

მართალია, სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ცენტრალური თამაში არ არის, რადგან ბაიერნი მესამეა, ლაიპციგი კი - მე-10, მაგრამ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ცხრილს ჯერ დიდი მნიშვნელობა არც აქვს. 3 ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგით ვოლფსბურგი ლიდერობს და ყველამ იცის, რომ პირველ ადგილზე დიდხანს არ დარჩება.

მოკლედ, ლაიპციგისა და ბაიერნის დუელი ყურადღების ცენტრშია. არა მარტო იმის გამო, რომ 34 000 მაყურებლის თვალწინ ერთმანეთს ბოლო პერიოდის საუკეთესო გერმანული კლუბები ხვდებიან, არამედ იმიტომაც, რომ მიუნხენურმა გრანდმა ზახსენურს ზაფხულში სამი უმნიშვნელოვანესი ფიგურა წაართვა: ლაიპციგის ყოფილი მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ახლა რეკორდმაისტერის დამრიგებელია, დაცვის ხაზის ლიდერი დაიო უპამეკანო ბაიერნის ძირითადი მცველი და აგვისტოს ბოლოს, მიუნხენელებმა ლაიპციგიდან კაპიტანი მარსელ ზაბიტცერიც გადაიბირეს.

ზახსენელთა დასუსტებამ ბუნდესლიგის პირველსავე ტურებში გამოიღო შედეგი: ლაიპციგს სამი მატჩიდან ორი წაგებული აქვს (მაინცთან და ვოლფსბურგთან 0:1), მეორე ტურში კი შტუტგარტი 4:0 დაამარცხა.

უპამეკანო და ნაგელსმანი ლაიპციგში მტრის რანგში პირველად ჩადიან

რეკორდმაისტერმა სეზონი გლადბახთან ფრით (1:1) დაიწყო, მაგრამ მერე კიოლნს 3:2 მოუგო, ბერლინის ჰერტა კი 5:0 გაანადგურა. ბავარიელებს ამ თამაშისთვის ლუკა ერნანდესი და ბენჟამენ პავარი უბრუნდებათ. გამოჯანმრთელდა თომას მიულერიც. სამაგიეროდ, გამორიცხულია კორენტენ ტოლისოს და კინგსლი კომანის თამაში.

ლაიპციგს შესაძლოა, დანი ოლმო დაუბრუნდეს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში კვლავ სობოსლაის ენდოს, რომელმაც შტუტგარტთან დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო კვირაში ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩები ელის და, თანაც, საკმაოდ რთული შეხვედრები. სამშაბათს ბაიერნი ბარსელონას სტუმრად ეთამაშება, ხოლო ოთხშაბათს კი ლაიპციგი მანჩესტერ სიტის ესტუმრება.

საინტერესო ფაქტები

⚽ გერმანიის ელიტაში აღზევების შემდეგ, ლაიპციგმა ბაიერნს ბუნდესლიგაში 5-ჯერ უმასპინძლა და მხოლოდ ერთხელ მოუგო (2:1, 2018 წელს). ზახსენელებს ბავარიელებისთვის შინ ბოლო 4 თამაში არ მოუგიათ, შარშან კი 0:1 დამარცხდნენ.

⚽ საერთო ჯამში ლაიპციგი და ბაიერნი ერთმანეთს ბუნდესლიგაში 10-ჯერ შეხვდნენ - 1 თამაში ლაიპციგმა მოიგო, 4 ფრედ დასრულდა, 5-ჯერ კი მიუნხენელებმა გაიმარჯვეს.

⚽ ლაიპციგს ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 2 ფრე) და რედ “ბულ არენაზე” ბოლოს სწორედ ბაიერნთან დამარცხდა.

⚽ ლაიპციგმა ახალი სეზონის 3 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ორში დამარცხდა, რაც ამ გუნდისთვის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია. თუმცა ზახსენელებს ბუნდესლიგის ეგიდით საკუთარ მოედანზე ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვთ წაგებული.

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგის ბოლო 20 მატჩში საშუალოდ თამაშში 2,95 გოლი აქვს გატანილი. 

⚽ მიუნხენურ გრანდს ბუნდესლიგაში სტუმრად 3-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

⚽ ლაიპციგის შემტევმა დომინიკ სობოსლაიმ ამ სეზონის 4 ოფიციალურ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

⚽ რობერტ ლევანდოვსკი ახალ სეზონშიც შესანიშნავ ფორმაშია - მან 4 ოფიციალურ მატჩში ბაიერნისთვის 7 გოლი გაიტანა.

⚽ ლაიპციგისა და ბაიერნის ბოლო 10 მატჩში საშუალოდ 4,1 ბარათი ფიქსირდებოდა - მათ შორის, 4 წითელი.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაიპციგი (4-2-3-1): გულაჩი - კლოსტერმანი, ორბანი, სიმაკანი, გვარდიოლი - ადამსი, ჰაიდარა - დანი ოლმო, ფორსბერგი, ნკუნკუ - სილვა.
ტრავმა: ჰალსტერნბერგი, ნოვოა, რებიგერი, სარაკი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - სტანისიჩი, უპამეკანო, ზიულე, ერნანდესი - კიმიხი, გორეტცკა - გნაბრი, მიულერი, მუსიალა - ლევანდოვსკი.
ტრავმა: კომანი, ტოლისო

კომენტარები

ბოლო ამბები