Thumbnail

დაულაშქრავი მწვერვალის დასაპყრობად - ქართველი ალპინისტების ურთულესი მისია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბადრიაშვილი, გელაშვილი და ტეფნაძე ჰინდუ კუშის მთიანეთში იმყოფებიან
  • მათ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტის გავლა მოუწევთ

ქართველი მთამსვლელები არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე უკვე მე-3 კვირაა სარაგრარის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთზე (სიმაღლე 7 300 მეტრი) იმყოფებიან, სადაც ამ მთათა სისტემის ერთადერთი დაულაშქრავი მწვერვალი მდებარეობს. ამის შესახებ Explorersweb იუწყება.

ალპინისტები პაკისტანში ჯერ კიდევ 16 აგვისტოს ჩავიდნენ და შესაძლოა უკვე დაწყებულიც კი აქვთ მწვერვალის დალაშქვრა, რომელიც მიუდგომელი და ციცაბო ფერდობებით არის ცნობილი. მათი მარშრუტი მსგავსი უნდა იყოს იმისა, რომელიც 1977 წელს სარაგრარზე ესპანელმა ხორდი პონსმა გაიარა. სხვათა შორის, ამ ასვლის შესახებ დოკუმენტური ფილმიც კი არის გადაღებული.

ცნობილია, რომ სარაგრარის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ძნელად დასაპყრობი მასივია. მასზე ასვლას ისიც ართულებს, რომ ტექნიკური თვალსაზრისით თითქმის ყველა მარშრუტი ერთნაირად მიუდგომელია.

სარაგრარის უმაღლესი წერტილი ჰინდუ კუშის მთათა სისტემაში მე-4 ადგილზეა: ესაა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მწვერვალი, რომელიც 7 340 მეტრს უტოლდება. პირველად ის იტალიელების ექსპედიციამ დალაშქრა ფოსკო მარიანის ხელმძღვანელობით, გაიარა რა ნიროგის მყინვარი.

ცნობისთვის, სამმა ქართველმა მთამსვლელმა, რომლებიც ამჟამად სარაგრარში იმყოფებიან, 2019 წელს, პაკისტანში წინა ვიზიტისას, უკვე დალაშქრეს ნანგა-პარბატი, თუმცა, ბადრიაშვილი, გელაშვილი და ტეფნაძე უფრო მეტად დაულაშქრავი მწვერვალების ძიებაში არიან, მაგალითად, ისეთების, როგორებიცაა პანგპოჩე I (6 620 მ.) და პანგპოჩე II (6 504 მ.) მანასლუს რეგიონში. ქართველები ამ მწვერვალებზე ასევე 2019 წელს ავიდნენ. გასულ წელს მათ კავკასიის მთიანეთში, მწვერვალ უშბაზე ჩრდილოეთ-დასავლეთის ფერდობზე ახალი რთული მარშრუტიც აღმოაჩინეს.

Three Georgian climbers are making their way up the only unclimbed summit remaining in the broad Saraghrar massif. #news #climbing #mountaineering

Posted by ExplorersWeb on Friday, September 10, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები