Thumbnail
  • ალეკსანდერ ჩეფერინმა რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს კიდევ ერთხელ შეუტია
  • უეფას პრეზიდენტმა შპიგელთან ინტერვიუში განსაკუთრებით პერესი გააკრიტიკა

ევროპის გრანდებმა თავიანთი ტურნირის, ე.წ. სუპერლიგის დაარსება ხუთი თვის წინ სცადეს. დააარსეს კიდეც, მაგრამ პროექტს უდიდესი პროტესტი მოჰყვა და ჩავარდა. იდეაზე ოფიციალურად ბევრმა გრანდმა თქვა უარი, მაგრამ მადრიდის რეალი, ბარსელონა და ტურინის იუვენტუსი საქმეში რჩებიან. მეტიც: ბარსას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ სამი დღის წინ განაცხადა, რომ “სუპერლიგის პროექტი ცოცხალია”, “წნეხმა და სანქციების მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო” და “უეფა ამ პროექტს ვერ შეაჩერებს.”

როგორც ჩანს, სწორედ ამის გამოხმაურებაა უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინის ინტერვიუ გერმანულ ჟურნალ “შპიგელში”, სადაც მან სამივე გრანდს კიდევ ერთხელ შეუტია და სუპერლიგაზე ისე ისაუბრა, როგორც უკვე განადგურებულ, უშანსო პროექტზე. “ამ ტიპებმა ფეხბურთის მოკვლა სცადეს!” - აცხადებს უეფას ბოსი “შპიგელში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

'პერესი წუწუნებდა და ახლა მბაპეში 180 მილიონს იხდიდა, ასე არ არის?'

ჩეფერინის თქმით, “ზოგიერთ კლუბს უბრალოდ არაკომპეტენტური შეფები ჰყავს” - ცხადია, ის რეალის, ბარსას და იუვეს ხელმძღვანელებს გულისხმობს, გრანდებს, რომლებიც სუპერლიგის იდეას ჯერ კიდევ ებღაუჭებიან.

“სახალისოდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ ეს კლუბები თავიანთ ახალ ტურნირს გეგმავდნენ, დააარსეს კიდეც და მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში თამაშის სურვილი გამოთქვეს და ითამაშებენ კიდეც,” - აცხადებს უეფას სლოვენიელი პრეზიდენტი.

უფრო მეტიც - ჩეფერინმა რეალის შეფ ფლორენტინო პერესს პირდაპირ შეუტია: “პერესი წუწუნებდა, რომ მისი კლუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებოდა, თუ სუპერლიგა შეიქმნებოდა და იარსებებდა. ახლა კი, აგვისტოში, ის კილიან მბაპეს 180 მილიონ ევროდ შეძენას ცდილობდა - ასე არ არის?”

უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი

“შპიგელის” ჟურნალისტის კითხვაზე, რა ელის უეფას ფინანსურ ფეარ პლეის, რასაც შედეგი აშკარად არ მოაქვს, ჩეფერინმა ასე უპასუხა: “არაუგვიანეს ამ სეზონის მიწურულისა იგეგმება რეფორმა. ვფიქრობთ, დავაწესოთ ერთგვარი ლუქს-გადასახადი, რომლის გადახდა კლუბებს იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ მათი ხარჯი გარკვეულ ლიმიტს გადააჭარბებს. ასევე მიდის დისკუსიები ე.წ. სახელფასო ჭერზეც.”

ჩეფერინმა თქვა, რომ ლუქს-გადასახადიდან აღებული ფული სხვა კლუბებზე უნდა გადანაწილდეს და ეს ძალიან მაღალი გადასახადი უნდა იყოს - მაგალითად, თანხის 100 პროცენტი…

 

კომენტარები

ბოლო ამბები