Thumbnail

ჯერ საქართველოს ნაკრები, შემდეგ ევროპალიგა | ზაურ მახარაძე ზორიას შეუთანხმდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  •  ნაკრების დებიუტანტმა მეკარემ ლუგანსკის კლუბთან წინასწარი კონტრაქტი დადო
  • 25 წლის ქართველ გოლკიპერს თავის გამოჩენის შანსი ევროპალიგაზეც ექნება

დონეცკის ოლიმპიკის მეკარე ზაურ მახარაძე, რომელმაც ახლახან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, კარიერას ლუგანსკის ზორიაში გააგრძელებს.

► ზაურ მახარაძე საქართველოს მოქალაქეა

უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილმა 25 წლის მეკარემ ლუგანსკის კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა და ამ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. 

► ზაურ მახარაძე: საქართველოს ნაკრებში თამაშზე სულ ვფიქრობდი

აღსანიშნავია, რომ ზორიამ უკრაინის პრემიერლიგა მეოთხე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგაზე ითამაშებს, სადაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ქართველ მეკარესთან შეთანხმების შესახებ შინფორმაცია ზორიას მთავარმა მწვრთნელმა რომან სანჟარმაც დაადასტურა:

"ზაურმა ზორიასთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, ის ლუგანსკის კლუბში გადმოვა", - თქვა მან.

მახარაძის ზორიაში შესაძლო გადასვლაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ აპრილში გაჩნდა. ლუგანსკელები საქართველოს ნაკრების ახალწვეულ გოლკიპერს ანდრეი ლუნინის შემცვლელად განიხილავენ, რომლითაც იტალიური კლუბები - ინტერი და ნაპოლი ინტერესდებიან.

ზაურ მახარაძე ოლიმპიკის ღირსებას 2011/12 წლების სეზონიდან იცავს. მას უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული.

მეკარემ უკრაინის პრემიერლიგის 2017/18 წლების სეზონში 24 მატჩში ითამაშა და 30 გოლი გაუშვა, 7 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

საქართველოს ნაკრები ავსტრიაში 1-ელ ივნისს მალტას დაუპირისპირდება, 5 ივნისს კი ლუქსემბურგს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები