Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტის პირველი მოწინააღმდეგე იაპონელი კოტოეკო იქნება
  • 33 წლის ტოჩინოშინი შეჯიბრზე დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით წარსდგება

იაპონიის სუმოს ასოციაციამ შემოდგომის სუპერტურნირის სასტარტო დღეების განრიგი გამოაქვეყნა და მეტოქეთა ვინაობა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემაც შეიტყო, რომლის უმთავრესი მიზანიც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.

33 წლის ტოჩინოშინის პირველი მეტოქე 29 წლის იაპონელი კოტოეკო იქნება. ქართველი სეკიტორი იაპონელს, რომელიც დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებას ატარებს, 4-ჯერ შეხვედრია და მხოლოდ ერთხელ დამარცხებულა. ტურნირის მე-2 დღეს ტოჩინოშინის პირისპირ 30 წლის ექს-კომუსუბი ენდო დადგება, რომელიც ახლა აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირაა. გორგაძე მას ურთიერთშეხვედრებში 9:8-ს უგებს.

შეგახსენებთ, მომავალი ტურნირის წინ განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) ტოჩინოშინმა მინიმალური უკუსვლა განიცადა და შეჯიბრზე დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით წარსდგება. 

მას მერე, რაც კოვიდ-რეგულაციების გამო შეჯიბრს ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ჩამოშორდა, დოჰიოზე ერთადერთი იოკოძუნა – რიგით 73-ე დიდი ჩემპიონი, 29 წლის ტერუნოფუჯი გავა. მისი პირველი მოწინააღმდეგე დასავლეთის პირველი კომუსუბი იჩინოჯო იქნება.

შეგახსენებთ, რომ აკი ბაშო 12-26 სექტემბერს არის დაგეგმილი და მას სუმოს მექად წოდებული ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები