Thumbnail
  • ტურნირს 2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო უმასპინძლებს
  • მსოფლიოს პირველობის განაცხადში 20 ქართველი მოჭიდავე ფიგურირებს

2-10 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით წარსდგება. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ტურნირის მონაწილეთა სია, სადაც 20 ქართველი მოჭიდავე ფიგურირებს.

თავისუფალი ჭიდაობა

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ბექა ლომთაძე (61 კგ.), შოთა ფარტენაძე (65 კგ.), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.), გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), ლერი აბულაძე (63 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.), იაკობ ქაჯაია (130 კგ.).

აღსანიშნავია, რომ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიადის ერთბაშად 30 მედალოსანს (13 თავისუფალ ჭიდაობაში, 8 ბერძნულ-რომაულში, 9 ქალებში) ვიხილავთ, რომელთა შორის 2 ქართველიცაა. შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, იაკობ ქაჯაიამ კი – ბრინჯაო. ამასთან, ოსლოში მხოლოდ 6 ოლიმპიური ჩემპიონი ჩავა: აბდულრაშიდ სადულაევი, მუსა ევლოევი (ორივე – რუსეთი), დევიდ ტეილორი, ტამიტა სტოკ-მენსა (ორივე – აშშ), ლუის ორტა სანჩესი (კუბა) და მოჰამედრეზა გერაეი (ირანი).

საინტერესოა, რომ თავისუფალ ჭიდაობაში მძიმე წონით კატეგორიაში ამჯერად ვერ ვიხილავთ ოლიმპიადის ფინალში პეტრიაშვილის გამამაწარებელ გეიბლ სტივესონს. მის ნაცვლად, ტურნირზე აშშ-ს ნიკოლას გვიაზდოვსკი წარადგენს. სამაგიეროდ, ოქროს მედლისთვის ამჯერადაც იბრძოლებს მსოფლიოს 2-გზის, ევროპის ევროპის 8-გზისა და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ტაჰა აკგული (თურქეთი).

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობაში ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წელს ჩატარდა და ის ქართული დელეგაციისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ბექა ლომთაძე, გენო პეტრიაშვილი, ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ირაკლი მწითური და იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ. საინტერესოა, რომ ექვსივე აღნიშნული მოჭიდავე ოსლოშიც იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები