Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა და სექტემბრის სანაკრებო ფანჯარა ვილი სანიოლის გუნდმა 3 წაგებით დაასრულა. ტესტ-მატჩის შემდეგ კომენტარი სანიოლმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ ასეთ დონეზე მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომელთა დაშვება ასეთ დონეზე არ შეიძლება. ვფიქრობ, ბურთით საინტერესოდ ვითამაშეთ, მაგრამ ძალიან ძნელია ასეთი მატჩის შემდეგ პოზიტივზე ისაუბრო. პირველ ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ დაცვაში შეცდომები დავუშვით, მეორე კი უკეთესი იყო. რაც შეეხება სტანდარტულ მდგომარეობებს, ბულგარეთმა ის კარგად გამოიყენა, ჩვენი ჯარიმა კი სანტიმეტრებით ასცდა კარს.
ბულგარეთის ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს, რამდენიმე დღის წინ იტალიასთან ქულა მოიპოვეს და რთული წლების შემდეგ ბულგარეთის ნაკრები უბრუნდება თავის დონეს.

ვფიქრობ, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება". 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო 4 თამაში წაგებული აქვს - ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებთან (0:3), ოფიციალური მატჩები კოსოვოსთან (0:1) და ესპანეთთან (0:4) და ახლა უკვე ბულგარეთთან (1:4) სპარინგი. ვილი სანიოლის გუნდი უახლოეს თამაშს 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები