Thumbnail

სამი უშანსო მარცხი - ასეთია საქართველოს ნაკრების "მიღწევა" სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე.

0:1 შინ კოსოვოსთან, 0:4 ესპანეთში და ახლა ესეც - ეროვნული გუნდი ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩშიც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. კატასტროფული პირველი ტაიმი, არაფერი საიმედო მეორეში - ვილი სანიოლმა ცვლილებები გააკეთა, ტაქტიკაც შეცვალა, მაგრამ აბსოლუტურად უშედეგოდ. ზოგადად, ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს მოღვაწეობა დამაინტრიგებლად დაიწყო, მაგრამ სექტემბერი საშინელი გამოდგა. მისმა ექსპერიმენტებმა არ გაამართლა.

ტოდორ ნედელევის საჯარიმო - 1:0

8 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სანაკრებო პაუზა ამხანაგური მატჩით დაასრულა, სოფიაში "ვასილ ლევსკიზე" ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა -  1:4.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩისგან განსხვავებით, შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეცვალა - სასტარტოში ბადახოსის მარცხიდან (0:4) მხოლოდ ლოჩოშვილი და გიორბელიძე დატოვა. ფრანგმა სპეციალისტმა სამი ცენტრალური მცველით გადაწყვიტა თამაში და ხვადაგიანს დებიუტის შანსი მისცა. ნაკრების კარში პირველად ჩადგა ვალენსიას გოლკიპერი მამარდაშვილი. სასტარტოს დაუბრუნდა ჩაკვეტაძე, რომელმაც წინ მიქაუტაძესთან და წიტაიშვილთან ტრიო შექმნა. 

გიორგი მიქაუტაძემ გოლის გატანა ვერ შეძლო

მე-20 წუთზე ბულგარეთის ნაკრები დაწინაურდა - ჩაკვეტაძე დაჯარიმდა, დარტყმა ტოდორ ნედელევმა შეასრულა და ცაციით მამარდაშვილის კარი აიღო - 1:0. 34-ე წუთზე ბულგარელებმა მარჯვენა ფლანგზე იაქტიურეს, რასაც საჯარიმოში კაკაბაძის უხეშობა მოჰყვა. პენალტი თავად დაზარალებულმა დიმიტარ ილიევმა გაიტანა - 2:0. 44-ე ნედელევისა და დელევის კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა - 3:0.

მე-2 ტაიმი ჩვეული სცენარით დაიწყო - ნედელევის ჩაწოდების შემდეგ თავით ანდრეა ხრისტოვმა გაიტანა - 4:0. საქართველოს ნაკრებმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო - ზურიკო დავითაშვილმა სცადა საჯარიმოში შეჭრა, შემდეგ მას მცველის შეცდომა დაეხმარა და გატანა არ გასჭირვებია - 4:1. 

ბულგარეთი 4:1 საქართველო

გოლები: 1:0 ნედელი (20), 2:0 დ. ილიევი (34-პენალტი), 3:0 დელევი (44), 4:0 ა. ხრისტოვი (53), 4:1 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი (4-1-3-2): მიხაილოვი - ა. ხრისტოვი, პ. ხრისტოვი, ბოჟიკოვი, ველკოვსკი - ჩოჩევი (68. ვიტანოვი) - ი. ილიევი (67.კარაგარენი), ნედელევი (60. იანკოვი), ცონევი (74. კოსტადინოვი) - დელევი (60. კირილოვი), დ. ილიევი (74. კრასტევი).

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი - ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი - კაკაბაძე, დაუშვილი (59. აბურჯანია), ალთუნაშვილი (59. მამუჩაშვილი), გიორბელიძე - წიტაიშვილი (70. ქვილითაია, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე (59. დავითაშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები