Thumbnail
  • 15 სექტემბერს მიხაელ შუმახერზე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოდის
  • ეს არის Netflix-ის პროდუქტი სახელწოდებით "SCHUMACHER" 
  • რა ელოდებათ მაყურებლებს ფილმში და რას გავიგებთ მიხაელის ჯანმრთელობის შესახებ

კორინა შუმახერის ამ სიტყვებზე შუმის ფანებს თვალებზე ცრემლები მოადგებათ.

ფორმულა 1-ის ლეგენდარულ პილოტზე Netflix-ის დოკუმენტური ფილმი დღეს გამოდის, ცოტა ხნით ადრე კი ოფიციალური ტრეილერი და რამდენიმე სცენა გასაჯაროვდა. ფილმი, რომელსაც Netflix-ის მაყურებელი 15 სექტემბრიდან იხილავს, ძალიან საინტერესო და ემოციურია.

შუმახერის მეუღლე, 52 წლის კორინა ფილმში ბევრ რამეზე საუბრობს, განსაკუთრებით ემოციურად კი იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ოჯახის ცხოვრება. “იმის გამო, რაც მიხაელს დაემართა, ღმერთისთვის საყვედური არასდროს მითქვამს. ეს უბრალოდ უიღბლობა იყო. ძალიან დიდი უიღბლობა! ამაზე დიდი უიღბლობა ცხოვრებაში არ არსებობს,” - ამბობს კორინა შუმახერი კამერების წინ.

როგორც იცით, ფორმულა 1-ის მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ლეგენდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, შუმი თვეების მანძილზე კომაში იყო. გერმანელი მას მერე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - მისმა მეუღლემ შვეიცარიაში ვილა ფაქტობრივად კლინიკად გადააკეთა. წლებია, შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მას მერე მისი არცერთი ფოტო ან ვიდეო-კადრი არ გავრცელებულა.

კორინა შუმახერი ფილმში იმაზეც საუბრობს, რა უთხრა მას შუმიმ ალპებში მომხდარი უდიდესი უიღბლობის წინ: “ოპტიმალური თოვლი არ არის. შეგვეძლო, შვებულება დუბაიში გაგვეტარებინა.”

ადგილი, სადაც შუმახერი დაეცა. 2013 წლის 29 დეკემბერს ქვები არ ჩანდა - წინა ღამეს ოდნავ მოთოვა 

მიხაელის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისევ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. დოკუმენტური ფილმი თითქმის ორსაათიანია, მაგრამ მიხაელის ჯანმრთელობაზე ბევრს ვერაფერს გავიგებთ. “სახლში ერთად ვცხოვრობთ. თერაპია გრძელდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მიხაელი უკეთ გახდეს და ოჯახურ გარემოსა და ერთობას გრძნობდეს,” - ამბობს კორინა შუმახერი. კადრები, სადაც მიხაელი ჩანს, მხოლოდ 2013 წლის დეკემბრამდეა გადაღებული.

კორინას თქმით, მისთვის და მისი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხაელის პირადი სივრცე მაქსიმალურად იყოს დაცული. სწორედ ამიტომ არ ავრცელებს ოჯახი არც ფოტოს, არც ვიდეოს. კორინა: “მიხაელი ჩვენს პირად სივრცეს ყოველთვის იცავდა, ახლა კი ჩვენ ვიცავთ მის პირად სივრცეს. ცხადია, ძალიან გვაკლია ის მიხაელი, რომელიც მანამდე გვყავდა - მეც, შვილებსაც და ყველას, ვინც მას იცნობდა. ძველი შუმი ყველას ენატრება. მაგრამ რეალურად ის ჩვენთანაა. სხვანაირად, მაგრამ აქ არის და ყველას ძალას გვაძლევს.”

'მიხაელი ჩვენს პირად სივრცეს ყოველთვის იცავდა, ახლა კი ჩვენ ვიცავთ მის პირად სივრცეს'

ფილმში შუმის შვილები, 24 წლის ჯინა-მარია და 22 წლის მიკიც საუბრობენ. “ცოტა უსამართლოა, რომ იმ საშინელი შემთხვევის შემდეგ აღარ გვაქვს ის მომენტები მამასთან, რაც მანამდე გვქონდა,” - ეს მიკის სიტყვებია, რომლებიც ახლა უკვე თვითონაა ფორმულა 1-ის პიკლოტი, - მასთან იმდენი რამ მაქვს სალაპარაკო. ყველაფერს მივცემდი, რომ ეს ისევ შევძლო.”

შუმის მენეჯერის, საბინე კემის თქმით, დოკუმენტური ფილმი შუმახერის ოჯახის საჩუქარია მისი გულშემატკივრებისთვის: “ოჯახს ფილმი ძალიან მოეწონა და ამაყობს პროდუქტით, რომელიც შუმის ფანებისთვის შეიქმნა.”

ჟან ტოდტი, მიხაელ შუმახერი და მისი მეუღლე კორინა

“ბედნიერი ვარ, რომ მიხაელი გავიცანი, - ეს ისევ კორინას სიტყვებია, - მიუხედავად იმისა, რომ ავტოსპორტი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია, რომ მას შეიძლებოდა რამე მოსვლოდა.” მართლაც: ფორმულა 1-ის ბოლიდში შუმიმ მხოლოდ ერთხელ მიიღო სერიოზული ტრავმა, როცა 1999 წელს სილვერსტოუნის რბოლაში ფეხი მოიტეხა.

კორინა შუმახერი ამბობს, რომ 2013 წლის დეკემბერში მიხაელი მფარველმა ანგელოზებმა მიატოვეს: “ცხოვრებას ვაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, რომ მან ისიამოვნოს თავისი პირადი სივრცით - რამდენადაც ეს შესაძლებელია. გვახსოვს, როგორ გვიცავდა გარე სამყაროსგან და ახლა ჩვენ ვიცავთ მას.”

მოკლედ, Netflix-ის დოკუმენტური ფილმი "SCHUMACHER" აუცილებლად სანახავია.

კომენტარები

ბოლო ამბები