Thumbnail
  • მათიას ზამერმა ფეხბურთის ეკონომიკური მხარე გაანალიზა
  • ლეგენდარული გერმანელი პოზიტიურ ასპექტებსაც ხედავს

ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელ მათიას ზამერს სატრანსფერო ბაზარზე მომხდარ და მოსალოდნელ ამბებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს. ევროპის 1996 წლის ჩემპიონი და ოქროს ბურთის მფლობელი პარი სენ-ჟერმენის მხრიდან დიდი თანხების ხარჯვაში არა მარტო ნეგატიურ, არამედ პოზიტიურ ასპექტებსაც ხედავს.

“ის, რაც ხდება, ცხადია, პირველ რიგში უკმაყოფილებას იწვევს. ბევრ კლუბში სახელფასო სტრუქტურები ნამდვილი სიგიჟეა. შესაბამისად, ეს გარკვეულწილად საერთო ვითარების დამახინჯებაა - პარი სენ-ჟერმენის მსგავსი შესაძლებლობები ხომ ბევრს არ აქვს,” - აცხადებს ზამერი Sport Bild-თან ინტერვიუში.

როგორც იცით, ზაფხულში ლიონელ მესიმ (პარი სენ-ჟერმენში გადავიდა) და კრიშტიანო რონალდომ (მანჩესტერ იუნაიტედში) კლუბები შეიცვალეს. პარიზული გრანდი კიდევ რამდენიმე ძვირადღირებული მოთამაშით გაძლიერდა და რეალს კილიან მბაპეს სანაცვლოდ შეთავაზებულ 200 მილიონ ევროზე უარი უთხრა. ინგლისში მანჩესტერ სიტიმ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჯეკ გრილიში 118 მილიონად შეიძინა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ჩელსიმ კი - რომელუ ლუკაკუში 115 მილიონი გადაიხადა.

'ამ სიტყვების მოსმენა არავის სურს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ფულის ხარჯვით სისტემა მოძრაობაში რჩება'

ზამერს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში ეს ყველაფერი ფეხბურთისთვის მხოლოდ ცუდი არ არის. გერმანელი ფუნქციონერი, რომელიც ახლა დორტმუნდის ბორუსიას მრჩეველია, სატრანსფერო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებში პოზიტიურ ასპექტებსაც ხედავს.

“ამავდროულად ვფიქრობ, რომ ფულის ქონა და მისი ხარჯვა, მით უმეტეს პანდემიის დროს, ფეხბურთისთვის კარგიცაა. მართალია, ამ სიტყვების მოსმენა არავის სურს, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ფულის ხარჯვით სისტემა მოძრაობაში რჩება და ყურადღების ცენტრშია.” - ამბობს ზამერი.

მათიასმა ხსენებულ ინტერვიუში აღმოსავლეთ გერმანიის დრო გაიხსენა (იგი გდრ-ის გეგმიურ ეკონომიკაში გაიზარდა): “გარკვეული აქტიურობა არ არის საზიანო. მიუხედავად ყველანაირი ბრუტალურობისა, ეს უნდა ითქვას.”

ზამერი ახლა დორტმუნდის ბორუსიას მრჩეველია

ზამერმა გერმანულ ფეხბურთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ბოლო წლებში გერმანიაში ბევრი რამ კეთდებოდა არასწორად. “ფეხბურთში ყოველთვის არსებობდა ეპოქები, როცა გარკვეული ქვეყნები წინა პლანზე გამოდიოდნენ. ცხადია, ჩვენ, ანუ ბუნდესლიგა, ვერ ვუწევთ კონკურენციას ინგლისის პრემიერლიგას. განათლების, განვითარების, ინდივიდუალიზაციისა და პოზიციონირების თვალსაზრისით ბოლო წლებში გერმანულ ფეხბურთში ბევრი რამ კეთდებოდა არასწორად.” - მიაჩნია ზამერს.

მისი თქმით, ინვესტორების კლუბების წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ფულის ხარჯვის გარეშეც შეიძლება: “თუ იმდენი ფული არ გვაქვს, რამდენიც სხვებს, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება და ინვესტიცია სჭირდება განათლება-განვითარების სფეროს. აქეთ უნდა მივმართოთ ჩვენი რესურსი. ბოლო დროს გერმანიაში ნაკლებად ვიკვლევთ, რა არის მნიშვნელოვანი ბავშვთა ფეხბურთში, პატარა ფეხბურთელებისთვის. ბოლო წლებში, საკუთარი იდენტობა ცოტათი დავკარგეთ.”

მათიას ზამერი 2006-დან 2012 წლამდე გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის (DFB) სპორტული დირექტორი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება გერმანული ფეხბურთის განვითარების 10-წლიანი გეგმის შედგენა, რამაც შედეგი გამოიღო - გერმანიის ნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები