Thumbnail

'ჰეიგმა მითხრა, რომ საოცარ ქვეყანაში ვიმუშავებ' - ბოჯღალოსნების ახალი მწვრთნელი 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ახალზელანდიელი კორი ბრაუნი საქართველოში იმუშავებს
  • მან ნაკრებისა და შავი ლომის შეტევა ჩაიბარა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ფრანჩაიზ შავ ლომს შეტევის ახალი მწვრთნელი ჰყავს - 45 წლის ახალზელანდიელი სპეციალისტი კორი ბრაუნი. ის უკვე საქართველოშია და შავი ლომის ვარჯიშებს ხელმძღვანელობს. სათამაშო კარიერა კორი ბრაუნმა ახალ ზელანდიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ირლანდიაში გაატარა გარემარბის პოზიციაზე. 

სამწვრთნელო კარიერისას სამშობლოში, ოტაგოსა და ჰაილენდერსში, ასევე 20-წლამდელთა ნაკრებში უმუშავია. ის "ბეიბი ბლექსის" სამწვრთნელო შტაბში იყო 2017 წელს, როცა ახალმა ზელანდიამ საქართველოში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. ბოლო სეზონში კორი ბრაუნი იაპონიაში სანიკს ბლუზის თავკაცი იყო.

კორი ბრაუნი იაპონიაში მუშაობისას

კორი ბრაუნი (ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის მწვრთნელი): 

..საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილებაზე: "ბლუზი ფინანსური პრობლემების გამო დაქვეითდა. ახლა კი გამიჩნდა შანსი, საერთაშორისო დონეზე მემუშავა, ამ შესაძლებლობას კი ხელიდან ვერ გავუშვებდი. ჩემი როლია, გავაუმჯობესო შავი ლომისა და "ბორჯღალოსნების" თამაში შეტევაში. საქართველოსთან საუკეთესო მოგონება მაკავშირებს და ბედნიერი ვარ, რომ ისევ აქ დავბრუნდი".

...2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე: "2016 წელს ირლანდიამ ნახევარფინალში არ გაგვიშვა, მხოლოდ მე-5 ადგილზე გავედით და ჩვენთვის 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იყო. მაშინ ახალგაზრდული გუნდის მზადებაში ახალი ჩართული ვიყავი და პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო წარმატებისთვის მიგვეღწია. გარდა ამისა, თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ ვიყავით პირველი გუნდი ზელანდიიდან, რომელიც სათამაშოდ საქართველოში მოდიოდა, გვსურდა ადგილობრივი ქომაგისთვის საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა და ამით ჩვენი პატივისცემა გამოგვეხატა.
ქუთაისში მოსამზადებლად საუკეთესო გარემო გვქონდა, გუნდი შეიკრა და თბილისში, ნახევარფინალსა და ფინალში უკვე საუკეთესო გუნდი გვყავდა. ასევე გვყავდა ძალიან მაგარი თაობა – იმ გუნდის 8 წევრი დღეს უკვე "ოლ ბლექსია"! საბოლოოდ, საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით".  

ოტაგოს მთავარი მწვრთნელი

...საქართველოზე: "მაშინ საქართველოზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა. ეს არის ლამაზი ქვეყანა, ლამაზი ბუნებით და მეგობრული, კეთილგანწყობილი ხალხით. კორონავირუსიდან გამომდინარე, მთელს მსოფლიოში გარკვეული შეზღუდვებია გადაადგილების კუთხით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უფრო მეტს ძალიან მალე ვნახავ".

... ნაცნობობა ქართველ მორაგბეებთან: "დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი საფრანგეთში, სადაც ერთი-ორი ქართველი ფაქტობრივად ყველა კლუბში იყო. ირლანდიიდანაც ვუყურებდი ქართველების თამაშს და ყოველთვის მომწონდა დიდი, ღონიერი, ძლიერი ბიჭები, რომლებიც საკმაოდ კარგად დარბიან, კარგ მოლებს აყენებენ და შეუდარებლები არიან კონტაქტის არეში, რაც რაგბიში ყველას განსაკუთრებით მოგვწონს. აქვე მინდა ვთქვა, რომ არანაკლები სიძლიერის უკანახაზელები გყავთ. საჭიროა, რომ მეტად მოხდეს შერკინებისა და ხაზის თამაშის დაბალანსება და დარწმუნებული ვარ, შეტევაში ბევრად უკეთესი შედეგი გვექნება.

...საქართველოს ნაკრებზე: "ყოველთვის შთამბეჭდავი იყო საქართველოს ნაკრების თამაში მსოფლიოს თასებზე. ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა მათი ფიზიკური, კონტაქტური თამაში. იაპონიაში ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მათ აქვთ შესაბამისი უნარები, მაგრამ არ უყვართ კონტაქტში შესვლა და ქართველებისგან განსხვავებით, ხშირად თავს არიდებენ ამას. ქართველები კი ამით სიამოვნებას იღებენ და უნარების დახვეწასთან ერთად, ვიმედოვნებ, ამ კომპონენტში კიდევ უფრო მეტად განვვითარდებით".

...მილტონ ჰეიგზე: "ჰეიგმა აქ ძალიან დიდი სამუშაო გასწია და იმედია, ჩემი კონკრეტული მიმართულებით, ამ უნარებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ. იაპონიაში მისი გუნდის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. მილტონს ერთი კვირის წინ ვესაუბრე და გარდა კონკრეტული, პროფესიული დეტალებისა, მომიყვა, როგორი საოცარი წლები გაატარა საქართველოში ოჯახთან ერთად. მას არასდროს ეზარება თქვენს ქვეყანაზე საუბარი და საქართველოს მეორე სახლს ეძახის. მან მითხრა - მიდიხარ საოცარ ქვეყანაში, სადაც ძალიან კარგი ხალხი დაგხვდება და საუკეთესო გარემოში მოგიწევს მუშაობა".

...შავ ლომზე: "რომ შევადაროთ ჰაილენდერსის, ან სანვულვზის და შავი ლომის საწყისი პერიოდი, ვიტყოდი, რომ შავი ლომი ასეულობით კილომეტრით წინაა. მათგან განსხვავებით ჯერ თამაშიც არ დაგვიწყია, მაგრამ უკვე გვაქვს პროფესიონალური გარემო, გვყავს მოთამაშეები საერთაშორისო გამოცდილებით, მათ შორის მსოფლიო თასზე თამაშის გამოცდილება. პროფესიონალური გარემოა ყველა მიმართულებით, ამის მისაღწევად კი, ჰაილენდერსსაც და სანვულვზსაც გარკვეული პერიოდი დაჭირდა.
სწორედ ეს მაძლევს წარმატების იმედს. შავ ლომთან ერთად უკვე ჩავატარე რამდენიმე ვარჯიში და პროფესიონალური მიდგომა აშკარაა. მოთამაშეებს გააზრებული აქვთ, რისთვის ემზადებიან და ცდილობენ, ხელიდან არ გაუშვან შესაძლებლობა, ითამაშონ პირველ ქართულ ფრენჩაიზში. ეს არის განვითარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რადგან ახალგაზრდა თუ გამოცდილ მორაგბეებს, უფრო მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა აქვთ, რაც მათ მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს".

...ინფრასტრუქტურაზე: "ქუთაისშიც და თბილისშიც მოსამზადებლად მშვენიერი გარემოა. ბაზებს აქვს ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კარგი დარბაზი და საცხოვრებელი. საუკეთესო გარემოა განვითარებისთვის. ზელანდიაში დიდად განსხვავებული არაფერია. შეიძლება რამდენიმე ადგილი იყოს, სადაც მეტი მოედანია, სულ ესაა განსხვავება.
ახლა მთავარია მეტი ვიმუშაოთ, ჩვენი სათამაშო სტილის სიღრმეებში ჩავიდეთ და როგორც შერკინება, ასევე ხაზი, ერთ სისტემაში მოვიყვანოთ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ უნარებსა და განვითარებაზე, რათა ზუსტად ვიცოდეთ როდის გავიტანოთ ბურთი და როდის შევინახოთ".

...ნოემბრის ტესტებზე: "წინ ნოემბრის ტესტები გველის, სადაც შესაძლებელია ერთი, ან ორი თამაშის მოგება და ამისათვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. პირადად მე ვეცდები, რომ გავაუმჯობესო შეტევის თამაში და ქართულ გუნდებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო".

გაიცანი კორი ბრაუნი, #ბორჯღალოსნების და შავი ლომი . Black Lion-ის შეტევის მწვრთნელი 🏉 ვრცლად ➡️ https://bit.ly/3zNBtUB

Posted by Georgian Rugby on სამშაბათი, 07 სექტემბერი, 2021


სხვათა შორის, კორი ბრაუნის უფროსი ძმა ტონი ბრაუნია (18 კეპი "ოლ ბლექსში"), რომელიც ახლა იაპონიის ნაკრების შტაბში მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები