Thumbnail

გიორგი გახელაძე პოლონეთში, მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპზე იასპარეზებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გიორგი გახელაძე 11-12 სექტემბერს პოლონეთში ირბოლებს
  • ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპია, რომელშიც 2000-მდე რაიდერი მონაწილეობს
  • 20 წლის ქართველი მოტომრბოლელი რეიტინგული შეჯიბრისთვის მზადაა

უკრაინის ურთულეს საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ახალგაზრდა ქართველი მოტომრბოლელი გიორგი გახელაძე მორიგი რეიტინგული შეჯიბრისთვის ემზადება.

20 წლის გახელაძე 11-12 სექტემბერს პოლონეთის ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც ისევე, როგორც მომდევნო შეჯიბრი (ესპანეთში), განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რეიტინგულია. უკრაინაში, 300 რაიდერს შორის პირველი ადგილის დაკავებამ გახელაძეს თავდაჯერება შემატა. მისი თქმით, პოლონეთშიც საუკეთესო პოზიციებისთვის იბრძოლებს.

“უკრაინის ტურნირის მოგება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან 300-ზე მეტ რაიდერში 3-4 ისეთი კონკურენტი მყავდა, რომლებიც მსოფლიო დონის სპორტსმენები არიან. მათ შორის ორი “რედ ბულის” ათლეტია და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე მათი დამარცხება შემეძლო. მოგება გვინდოდა, მაგრამ რეალურად საპრიზო ადგილი იყო ჩემი მიზანი და მიხარია, რომ მოლოდინს გადავაჭარბე და პირველი ადგილი დავიკავე. ეს ბევრი შრომის და თავდადების შედეგია. რამდენჯერმე რისკზეც წავედი და ტრავმები მივიღე. შეჯიბრის შემდეგ საკუთარი თავით კმაყოფილი ძალიან იშვიათად ვარ ხოლმე, ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძვი. გამიხარდა ეს გამარჯვება - თუნდაც იმიტომაც, რომ მონაწილეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი. ჩემს შემდეგ ყველაზე პატარა 23 წლის რაიდერი იყო.” - აცხადებს გიორგი გახელაძე.

'ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მე მათი დამარცხება შემეძლო'

რაც შეეხება პოლონეთის მომავალ შეჯიბრს: “ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპია - Hero Challenge, რომელშიც მსოფლიოში საუკეთესო რაიდერები ირბოლებენ. ვისაც კი რამის პრეტენზია აქვს, ყველა იქ იქნება. ჩვენი მიზანი საპრიზო ადგილზე გასვლა იქნება. პოლონეთში ჯამში 2000-მდე კონკურენტი მეყოლება. ვფიქრობ, ამ ძალიან საპასუხისმგებლო შეჯიბრისთვის კარგად ვარ მომზადებული.”

გახელა HERO CHALLENGE-ზე

🏍 ✊ შემდეგი ტურნირი პოლონეთშია, სადაც გუნდთან ერთად მივდივარ. ამ შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ვინც კი საუკეთესო რაიდერია, ვისაც რამე პრეტენზია აქვს, ყველა. ჩემი მიზანი საპრიზო ადგილზე გასვლაა 💪 🇵🇱 პოლონეთი 📅 11-12 სექტემბერი

Posted by Giorgi Gakheladze on Monday, September 6, 2021


გიორგი გახელაძე 20 წლის პროფესიონალი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც მოტოციკლის მართვა 2015 წელს, 15 წლისამ დაიწყო და მას შემდეგ მოტოსპორტში აქტიურადაა ჩართული. 2017 წლიდან იგი საქართველოს უცვლელი ჩემპიონია - 30-შეჯიბრიანი დაუმარცხებელი სერიით. 2017 წელს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეჯიბრებზე საპრიზო ადგილები დაიკავა, 2018-2019 წლებში RedBull Sea To Sky-ის ოქროს კლასისა და Erzberg Rodeo-ს ფინიშერი გახლდათ, 2020 წელს კი - სპორტის ამ სახეობის ყველაზე რთული შეჯიბრის, RedBull Romaniacs-ის ოქროს კლასის ფინიშერი. ყველაზე წარმატებული ქართველი მოტომრბოლელის მხარდამჭერი აგვისტოში კომპანია "ევროპაბეთი" გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები