Thumbnail
  • 📅 8 სექტემბერი | 🏟 ლევსკი | ⌚ 20:30 | ⚽ ბულგარეთი V საქართველო
  • ეროვნულ გუნდს ბულგარეთთან ბოლო მატჩებში საშინელი მოგონებები აქვს
  • ვილი სანიოლი ძირითად შემადგენლობაში ალბათ ბევრ ცვლილებას განახორციელებს

სახელი "ლევსკი" საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ცუდ მოგონებებს აღძრავს - ბულგარეთის დედაქალაქში ეროვნულმა გუნდმა სულ სამჯერ ითამაშა და ჯამში 14 (!) გოლი გაუშვა - ევრო 1996-ის 0:2-ს მოჰყვა გამანადგურებელი მარცხი ამხანაგურ შეხვედრაში - 2:6, შემდეგ კი იგივე ანგარიში მუნდიალი 2010-ის შესარჩევშიც გამეორდა...

ლევსკის სინდრომი

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები, რომელსაც ამჯერად ვილი სანიოლი წვრთნის, ბულგარეთში მძიმე ესპანური მარცხის (0:4) მერე ითამაშებს - ამჯერად, ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სხვათა შორის, წინა სამი შეხვედრიდან 2 ბულგარელთა გმირის, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ერთი (ამხანაგური) კი ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელის (მე-20 საუკუნეში) გეორგი ასპარუხოვის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც საფეხბურთო კლუბი ლევსკი თამაშობს. 

ლევსკის სტადიონი სოფიაში

თუმცა ბულგარელებთან მხოლოდ 2:6-ები და ასეთი ცუდი მოგონებები არ გვაქვს - სწორედ მათთან, 1995 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპას ერთ-ერთი პირველი ხმაურიანი სენსაცია შესთავაზა და თავიც გააცნო - სუპერვარსკვლავებით გადაჭედილ ბულგარეთის ნაკრებს, რომელიც მაშინ ევროპულ გრანდად მიიჩნეოდა, თბილისში 2:1 მოუგო! კიდევ ერთი თბილისური მატჩი კი ამ გუნდებს შორის 0:0 დასრულდა. ასე რომ, ამ ორი ნაკრების დაპირისპირებაში საქართველომ 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 შეხვედრა წააგო. ბურთების შეფარდება კი მართლაც ცუდად გამოიყურება: 7:15. 

საქართველო V ბულგარეთი. ყველა დაპირისპირება

1994: ბულგარეთი 2:0 საქართველო (ევრო 96)
გოლები: 1:0 კოსტადინოვი (55), 2:0 კოსტადინოვი (61)

1995: საქართველო 2:1 ბულგარეთი (ევრო 96)
გოლები: 1:0 შოთა არველაძე (1), 2:0 ქინქლაძე (46-პენ), 2:1 სტოიჩკოვი (88)

2005: ბულგარეთი 6:2 საქართველო (ამხანაგური)
გოლები: 1:0 იანკოვი (2), 2:0 იანკოვი (28), 3:0 ბერბატოვი (35), 4:0 ბერბატოვი (47), 5:0 ტოდოროვი (63), 5:1 ჯაკობია (84), 5:2 გოგუა (89), 6:2 ტოდოროვი (90-პენალტი)

2008: საქართველო 0:0 ბულგარეთი (სამხრეთ აფრიკა 2010)

2009: ბულგარეთი 6:2 საქართველო (სამხრეთ აფრიკა 2010)
გოლები: 1:0 ბერბატოვი (6), 2:0 პეტროვი (14), 3:0 ბერბატოვი (23), 4:0 ანგელოვი (31), 4:1 დვალიშვილი (34), 5:1 ბერბატოვი (35), 6:1 პეტროვი (44), 6:2 კობიაშვილი (51-პენალტი)

2009 წლის 14 ოქტომბერი: დიმიტარ ბერბატოვის ერთ-ერთი გოლი საქართველოს კარში

როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრების კარში გატანილი 15 გოლიდან 5 დიმიტარ ბერბატოვზე მოდის. ხოლო 2:6-ები ნაკრების ისტორიაში ეპოქალურ მარცხებად მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მათგანი მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს 6 გოლი სულ სამჯერ აქვს გაშვებული, ორჯერ ეს მოხდა ბულგარეთთან - დანიასთან 1:6 კი საქართველოს ანტირეკორდია (რუმინეთთან 0:5-თან ერთად). დიმიტარ ბერბატოვს ირლანდიელ რობი კინთან ერთად საქართველოს ნაკრების კარში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (5-5).

ამხანაგური სხვადასხვა განწყობით

ბულგარეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები ერთობ ცუდი განწყობით ჩავიდა. გუნდმა წააგო სექტემბრის ორი საკვალიფიკაციო შეხვერდა - შინ ბათუმში კოსოვოსთან 0:1 და ბადახოსში ესპანეთთან - 0:4. რაც მთავარია, ეროვნულმა ნაკრებმა ორივე მატჩში ისე ცუდად ითამაშა, რომ ეს საკმარისად ანგარიშებშიც არ ასახულა, ხოლო ვილი სანიოლმა, რომლის მიმართაც აქამდე ოფიციალურ მატჩებში პრეტენზიები ნაკლები იყო, რამდენიმე, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, როგორც სელექციაში, ისე შემადგენლობისა და ტაქტიკის დაყენებაში. ფაქტია, ფრანგის ამ ექსპერიმენტებმა არ გაამართლა და გუნდისთვის ყატარი 2022-ის კარი ფაქტობრივად დაკეტილია. 

საქართველო ესპანეთთან 0:4 დამარცხდა

წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ სანიოლი კვლავ იმ შემადგენლობას ენდოს, რითაც ესპანეთთან ითამაშა. ცვლილებები, თანაც საკმაოდ, მოსალოდნელია. გუნდს უცნობი მიზეზით დააკლდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიმაც კოსოვოსთან მატჩი ჩააგდო, ესპანეთთან კი მას შანსი აღარ მიეცა. 

ბულგარეთი სტუმრად ევროპის ჩემპიონს 1:1-ს ეთამაშა

აი, ბულგარეთს კი შესანიშნავი მატჩები გამოუვიდა - იტალიაში ილიევის გოლით ფრედ 1:1 ეთამაშა ევროპის ჩემპიონს, ხოლო "ლევსკიზე" ლიეტუვას ჩუჩევის გოლით მოუგო და 5 ქულა დააგროვა. იასენ პეტროვის გუნდს პლეი ოფისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდა, თუმცა ეს შანსი დიდი არ არის. ლიეტუვასთან მატჩისგან განსხვავებით, პეტროვი სასტარტო შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს, ნახევარდაცვაში რჩება კაპიტანი გეორგი კოსტადინოვი, სხვა მხრივ წინა ხაზი თითქმის მთლიანად იცვლება. 

მატჩს ჩრდილომაკედონიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, მთავარი არბიტრი იგორ სტოიჩევსკია.  

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ნაკრები 257-ე მატჩს თამაშობს, ბულგარეთს კი მე-6-ედ ხვდება.

📌 ამხანაგურ მატჩებში და ამხანაგურ საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს ნაკრებმა 113 მატჩი ითამაშა. 42 მოგება - 48 წაგება. 

📌 იმ შემთხვევაში თუ ითამაშებს, გიორგი მამარდაშვილი ნაკრების ისტორიაში 279-ე ფეხბურთელი გახდება.

📌 ჯაბა კანკავასთვის ეს მატჩი რიგით 99-ე იქნება, გურამ კაშიასთვის - 90-ე.

📌 ზედიზედ სამი მატჩია, საქართველოს ნაკრები ისე აგებს, გოლს ვერ იტანს: 0:3, 0:1 და 0:4.

📌 ნაკრების მოქმედ ფეხბურთელთა შორის ბომბარდირი თორნიკე ოქრიაშვილია - 12 გოლი.

სავარაუდო შემადგენლობები

ბულგარეთი (4-3-3): ნაუმოვი - ტურეცოვი, პოჟიკოვი, ანტოვი, ნედიალკოვი - კოსტადინოვი, ჩუჩევი, იანკოვი - დილევი, ილიევი, კირილოვი

საქართველო (4-2-3-1): მამარდაშვილი - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, გიორბელიძე - კანკავა, ალთუნაშვილი - წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, აზაროვი - მიქაუტაძე

კომენტარები

ბოლო ამბები