Thumbnail

‘ბოდიში, რომ არ მოგწონვართ’ - რინგის გოგონამ ხაბიბ ნურმაგომედოვს უპასუხა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არიანი სელესტე ხაბიბ ნურმაგომედოვს გამოეხმაურა
  • UFC-ის ლეგენდა სპორტში მათ საჭიროებას ვერ ხედავს

UFC-ის ლეგენდა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ცოტა ხნის წინ ე.წ. “რინგის გოგონების” ფენომენის გაუქმება მოითხოვა. 32 წლის ხაბიბმა განაცხადა, რომ გოგონების მიერ ბრძოლის რაუნდის ნომრის ჩამოტარებამ დიდი ხანია, აზრი დაკარგა. მას ახლა ერთ-ერთი ასეთი მოდელი, არიანი სელესტე გამოეხმაურა.

“ბოდიში, რომ არ მოგწონვართ, - წერს 35 წლის არიანი ინსტაგრამზე, სადაც 3,3 მილიონი გამომწერი ჰყავს, - შეუძლიათ, ჩვენზე თქვან, რომ არაფერში ვჭირდებით, მაგრამ ჩემნაირი ადამიანები ბევრს შრომობენ და ასეთი განცხადებები მიუღებელია. მოკლედ, შეგიძლიათ, არ მოგწონდეთ, მაგრამ ვალდებულები ხართ, პატივი გვცეთ!”

“რინგის გოგონები” UFC-ში, ბრძოლის დროს, ყოველი რაუნდის წინ გამოდიან და მაყურებლებს ატყობინებენ, რომელი რაუნდი იწყება. როგორც წესი, ისინი მსუბუქად არიან ჩაცმულები და ეს ფენომენი პაუზის დროს პუბლიკის გართობას ემსახურება.

UFC-ის ლეგენდა ხაბიბ ნურმაგომედოვს (29 მოგება, არცერთი მარცხი) კი ეს აღარ მოსწონს. წინა კვირას მან “რინგის გოგონებზე” უარის თქმა მოითხოვა: “რა არის მათი ფუნქცია? მაყურებლები ხომ ეკრანზე ხედავენ, რომელი რაუნდი იწყება? ამ სპორტში ეს გოგონები ყველაზე არასაჭირო ადამიანები არიან. რა მოაქვთ მათ UFC-სთვის? სპორტის ამ სახეობის განვითარებაში რაიმე წვლილი შეაქვთ? გჯერათ, რომ მაყურებლები მათგან იგებენ, რომელი რაუნდი იწყება? რას აკეთებენ ეს გოგონები ამ სპორტში?”

წარმოშობით დაღესტნელმა ხაბიბმა თავის საკუთარ MMA-სერიაში “რინგის გოგონები” უკვე გააუქმა.

კომენტარები

ბოლო ამბები