Thumbnail

ჰაკუჰოს გარეშე - აკი ბაშოს, კოვიდ-პანდემიის გამო, 18 სუმოისტი გამოაკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

კოვიდ-პანდემია კიდევ ერთხელ ჩაერია პროფესიული სუმოს ტურნირების მიმდინარეობაში. როგორც ცნობილი გახდა, რეგულაციების გამო, საშემოდგომო სუპერტურნირს იგივე აკი ბაშოს ერთბაშად 18 სუმოსტი გამოაკლდება, რომელთა შორის ლეგენდარული მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოცაა.

მომხდარში მთავარი დამნაშავე 19 წლის იაპონელი ჰოკუსეიჰოა, რომელმაც ივლისში რანგით მე-3 დივიზიონი მაკუშიტა მოიგო და ძურიოში უნდა გამოსულიყო, თუმცა, კორონავირუსით დაავადდა და საქმე სხვებსაც გაუფუჭა. იაპონიის სუმოს ასოციაციამ მიიაგინოს სკოლის წევრებს, რომელსაც ჰოკუსეიჰო წარმოადგენს, სასწრაფო წესით ტესტირების გავლა დაავალა. შედეგად, ერთ-ერთ სუმოისტს, რომელიც ელიტარულ ლიგებში არ ირიცხება, დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, რაც გადამწყვეტი ნაბიჯის წინაპირობა აღმოჩნდა.

შედეგად, აკი ბაშოს ჯამში 18 მონაწილა გამოაკლდა. ცხადია, ყველაზე სამწუხარო ამბავი ისაა, რომ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” ვერ ვიხილავთ “იმპერატორის თასის” 45-გზის მფლობელს – 36 წლის ჰაკუჰოს. მის გარდა, უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშურა იშიურაც დააკლდება, ძურიოში კი ენჰოს ვერ ვიხილავთ. დანარჩენი სუმოისტები, რომლებიც აკი ბაშოს გამოაკლდნენ, დაბალ დივიზიონებს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სუპერტურნირი 12-26 სექტემბერს ჩატარდება და მასზე 33 წლის ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძესაც ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოს წინ გამოქვეყნებულ რეიტინგში (ბანძუკე) ტოჩინოშინმა მინიმალური უკუსვლა განიცადა და შეჯიბრზე დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით წარსდგება. ჰაკუჰოს გამოკლების შემდეგ, მომავალ ტურნირზე ერთადერთი იოკოძუნა გამოვა - დიდი ჩემპიონის რანგში ახლადაღზევებული მონღოლი ტერუნოფუჯი.

კომენტარები

ბოლო ამბები