Thumbnail

რობერტო მანჩინი: უფრო ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ, ცვლილებები იქნება!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იტალიის ნაკრებს ზედიზედ 36 მატჩია არ წაუგია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მაგრამ შვეიცარიასთან ფრით (0:0) მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე გასვლის საკითხი გაირთულა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე შვეიცარიასთან საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა და ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მათ შორის პენალტიც, რომელიც ჟორჟინიოს იან ზომერმა აუღო. რობერტო მანჩინიმ კვლავ გამოუყენებელ საგოლე მომენტებს გაუსვა ხაზი, როგორც წინა მატჩში ბულგარეთთან (1:1).

"ეს იყო მომენტი, როცა ბურთს კარში შესვლა არ სურდა. ამჯერადაც საკმარისად ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა იმისთვის, რომ მოგვეგო. კარის წინ უფრო ზუსტნი და ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ. ამ მატჩშიც ვდომინირებდით და დაუჯერებელია, რომ 2:0 ან 3:0 ვერ მოვიგეთ. მე-2 ტაიმი უფრო რთული იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. ცოტა დავიღალეთ, რის გამოც ოთხშაბათის შეხვედრაში ცვლილებები იქნება. ეს არის დაკარგული შანსი, როგორც ხუთშაბათს ბულგარეთთან თამაში. ნოემბერში შვეიცარიასთან გადამწყვეტი თამაში იქნება? ამ გადმოსახედიდან ასეა", - თქვა მანჩინიმ.

ჟორჟინიოს პენალტი შეიძლება იტალიას ძვირად დაუჯდეს

იტალიის ნაკრებს 5 მატჩში 11 ქულა აქვს, შვეიცარიას კი 3 მატჩში - 7 ქულა, შესაბამისად, დაკარგული ქულებით ევროპის ჩემპიონს უსწრებს. იტალიას ჯგუფში 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, საიდანაც გადამწყვეტი ნოემბერში, რომში, შვეიცარიასთან ელოდება. რობერტო მანჩინის გუნდს პირველ ადგილზე გასასვლელად დიდი ალბათობით, დარჩენილი სამივე მატჩის მოგება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე-2 ადგილზე გავა და პლეი ოფში გადაინაცვლებს, რაც არაფრის გარანტია არ არის. როგორც იცით, 2018 წლის მუნდიალზე იტალია სწორედ პლეი ოფში შვედეთთან მარცხის შედეგად ვერ გავიდა. ამგვარად, "სკუადრა აძურას" წინ სანერვიულო მატჩები აქვს. იტალია 8 სექტემბერს, რეჯო ემილიაში ლიეტუვას უმასპინძლებს, ოქტომბერში კი შესარჩევი ეტაპის მატჩებს არ ჩაატარებს, რადგან უეფას ერთა ლიგის ოთხთა ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მილანსა და ტურინში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები