Thumbnail

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბადახოსში ესპანეთის ნაკრებთან 0:4 წააგო. მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ თამაში მისმა გუნდმა კატასტროფულად დაიწყო და ესპანეთთან განსხვავება ძალიან დიდია.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

"ვიცოდით, რომ ჩვენთვის ძალიან რთული თამაში იქნებოდა, რადგან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა. კატასტროფულად დავიწყეთ, ყოველგვარი ღირსების გარეშე და ესპანეთმა ამით ისარგებლა. მეორე ტაიმში გარკვეულწილად გავაუმჯობესეთ თამაში, გვქონდა საგოლე შანსებიც და ეს იყო მცირე პოზიტივი, რაც ამ თამაშიდან დავინახე, მაგრამ ამ ორ გუნდს შორის სხვაობა ძალიან დიდია.

ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას და წარმატებებს ვუსურვებ, განსაკუთრებით ჩემს მეგობარ ლუის ენრიკეს. დღეს ყველა ასპექტში დავმარცხდით, მაგრამ ფეხბურთელებს შორის ტექნიკურმა სხვაობამ თამაშზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც მთელი მატჩის თამაში არ შეუძლიათ, რადგან თავიანთ კლუბებში საათზე მეტს არ თამაშობენ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არ შემიძლია 90 წუთი დავეყრდნო. შესაბამისად, იძულებული ვიყავი ცვლილებები გამეკეთებინა".

შეგახსენებთ, რომ ბ ჯგუფს ესპანეთის ნაკრები ლიდერობს 10 ქულით, მაგრამ შვედეთთან შედარებით 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. სკანდინავიელები 9 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან. მე-3 პოზიციას კოსოვო იკავებს (4 ქულა), მეოთხეს - საბერძნეთი (3 ქულა), საქართველო კი ერთადერთი ქულით ბოლო საფეხურზეა.

B ჯგუფში შესარჩევი ეტაპის მატჩები 8 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ საქართველო ისვენებს და თავისუფალ ფანჯარას სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგური შეხვედრით შეავსებს.

კომენტარები

ბოლო ამბები