Thumbnail

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბადახოსში ესპანეთის ნაკრებთან 0:4 წააგო. მატჩის შემდეგ კომენტარი "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი გუნდისთვის ისეთი იოლი გამარჯვება არ ყოფილა, როგორც ეს გარედან სჩანდა.

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

"გარედან შეიძლება ადვილი მატჩი სჩანდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. თითქმის სრულყოფილად ვითამაშეთ, ზოგადადაც კარგი შეხვედრა იყო. ცუდი ამბავი ისაა, რომ თითქმის ყველა ცვლილება ტრავმების გამო გავაკეთე. საქართველოს ნაკრებში წინა მატჩთან შედარებით 6 ცვლილება იყო, მაგრამ შედეგისთვის იოლად არ მიგვიღწევია. როგორც ვთქვი, იდეალურად ვითამაშეთ, 4 გოლი გავიტანეთ და საგოლე მომენტები კიდევ გვქონდა. ყოველთვის ვუსმენ ჩემს ფეხბურთელებს, მაგრამ მათაც უნდა მომისმინონ. გუნდში ისეთივე ატმოსფეროა, როგორც ევროპის ჩემპიონატზე იყო, ახლა კი შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ".

შეგახსენებთ, B ჯგუფს ესპანეთის ნაკრები ლიდერობს 10 ქულით, მაგრამ შვედეთთან შედარებით 2 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. სკანდინავიელები 9 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფებიან. მე-3 პოზიციას კოსოვო იკავებს (4 ქულა), მეოთხეს - საბერძნეთი (3 ქულა), საქართველო კი ერთადერთი ქულით ბოლო საფეხურზეა.

B ჯგუფში შესარჩევი ეტაპის მატჩები 8 სექტემბერს გაიმართება, მაგრამ საქართველო ისვენებს და თავისუფალ ფანჯარას სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგური შეხვედრით შეავსებს.

კომენტარები

ბოლო ამბები