Thumbnail
  • 📅 5 სექტემბერი | 🏟 ბადახოსი | ⌚ 22:45 | ⚽ ესპანეთი V საქართველო
  • ვილი სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში მე-5 შეხვედრას სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ვილი სანიოლის გუნდის ძირითადი შემადგენლობა გაირკვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგმა სპეციალისტმა კოსოვოსთან ბოლო მატჩთან შედარებით სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მაგალითად, ესპანეთთან ძირითადში დინამო ბათუმის 4 ფეხბურთელია - გრიგოლ ჩაბრაძის და ირაკლი აზაროვის გარდა, რომლებმაც კოსოვოსთანაც ითამაშეს, ესპანეთთან თამაშს გიორგი ზარია და ვლადიმერ მამუჩაშვილიც დაიწყებენ - მათთვის ეს ეროვნულ გუნდში პირველი თამაშია.

სანიოლმა ორივე ნომინალურ ცენტრფორვარდზე უარი თქვა - ძირითადში არც მიქაუტაძეა და არც ქვილითაია. ცენტრფორვარდის მოვალეობებს ესპანეთთან ზურიკო დავითაშვილი შეასრულებს, მის უკან კი 5 ნახევარმცველია. ნაკრებში დებიუტი ექნება ავსტრიული ვოლფსბერგერის ცენტრალურ მცელ ლუკა ლოჩოშვილს. აღსანიშნავია, რომ დინამო ბათუმის მარცხენაფლანგელი აზაროვი ამჯერად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშებს - დაცვის მარცხენა ფლანგზე კი გიორბელიძეა გამწესებული.

ესპანეთი (4-3-3): უნაი სიმონი - ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია - სოლერი, როდრი, ლორენტე - სარაბია, ფაბიან რუისი, ფერან ტორესი.

საქართველო (4-5-1): ლორია - ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე - მამუჩაშვილი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, აზაროვი - დავითაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ძირითად შემადგენლობაში საბა ლობჟანიძე იყო, მაგრამ გახურებისას ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც საბოლოოდ განაცხადს მიღმა დარჩა, ხოლო სასტარტოში მისი ადგილი ზურიკო დავითაშვილმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მე-4 ტურში კოსოვოსთან ბათუმში 0:1 წააგო, ხოლო ესპანეთი შვედეთის ნაკრებთან სტუმრად 1:2 დამარცხდა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების საკითხი გაირთულა. ვილი სანიოლის გუნდი 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგურ თამაშსაც ჩაატარებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა. ჯგუფს შვედეთი ლიდერობს (3 მატჩი, 9 ქულა), მეორეზე ესპანეთია (4 მატჩი, 7 ქულა), მესამეზე - კოსოვო (3 მატჩი, 3 ქულა), ხოლო მე-4 ადგილს საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები