Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:7 (5:7), 3:6, 4:6 რაილი ოპელკა
  • საქართველოს პირველ ჩოგანს პირველი ორი სეტის მოგების შანსი ჰქონდა

მსოფლიოს 24-ე ჩოგანი რაილი ოპელკა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ზედმეტად ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. ქართველი ჩოგბურთელი 211 სმ სიმაღლის მქონე ამერიკელთან სამ სეტში, 6:7 (5:7), 3:6, 4:6 დამარცხდა და აშშ-ის ღია პირველობას მესამე წრეში (1/16 ფინალი) გამოეთიშა. მატჩი 2 საათი და 18 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი დაძაბული იყო, ბასილაშვილმა მესამე გეიმში შეძლო ბრეიკის აღება და 2:1 დაწინაურდა, მაგრამ ამერიკელმა მომდევნო გეიმშივე განახორციელა უკუბრეიკი და ანგარიში გაათანაბრა. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც ოპელკამ 7:5 მოიგო.

ბასილაშვილმა მეორე სეტი ბრწყინვალედ დაიწყო - საკუთარი მოწოდების მოგების შემდეგ ბრეიკით 2:0 დაწინაურდა, მაგრამ როგორც პირველ სეტში, მაშინვე დათმო საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც ამერიკელმა არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ მორიგი ბრეიკით 3:2-იც დაწინაურდა და საბოლოოდ სეტი 6:3 მოიგო.  

მესამე სეტში თავიანთ მოწოდებებს ორივე იგებდნენ, ბასილაშვილს მიღებაზე შანსი აღარ მისცემია და ყველაფერი ტაიბრეიკამდე მიდიოდა, მაგრამ მე-10 გეიმში ოპელკამ ბრეიკი შეასრულა და თამაში მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ტანმაღალმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა 21 ეისის შესრულება შეძლო და 10 ბრეიკპოინტიდან 5 გამოიყენა. ბასილაშვილს 7 ეისი და 5 ბრეიკპოინტიდან 2 ბრეიკი ჰქონდა. ქართველმა 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ამერიკელმა კი - 2.

რაილი ოპელკა ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს 46-ე ჩოგანია.

კომენტარები

ბოლო ამბები