Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-5 მატჩს ბადახოსში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

ფრანგმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი გუნდისგან განსხვავებული მენტალიტეტით თამაშს ელოდება, ვიდრე კოსოვოსთან ითამაშა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

"ნებისმიერ ფეხბურთელს უნდა ასეთ შესანიშნავ მატჩებში თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ესპანეთია. ვიცით, რომ ისინი ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ პირველი თამაში თანაბარი იყო და ფრე დავიმსახურეთ. ვეცდებით, ჩვენი იარაღით ვიბრძოლოთ და თავდაჯერებულად ვითამაშოთ. სიმართლე გითხრათ, ეს განსხვავებული თამაში იქნება სხვა გუნდის წინააღმდეგ. ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე გავლენ, ყველაფერს გააკეთებენ.

კოსოვოს წინააღმდეგ ბევრი რაღაც არასწორად გავაკეთეთ, არა მხოლოდ დაცვაში. თამაშის შემდეგ ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაც უნდა გავაუმჯობესოთ და ვიმედოვნებთ, რომ მიზანს მივაღწევთ. ყურადღება ჩვენს თვისებებზე უნდა გავამახვილოთ, მაგრამ მთავარი, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან ველოდები, იმისგან განსხვავებული მენტალიტეტია, რაც ბოლო თამაშში გვქონდა".

ვილი სანიოლის გარდა, პრესკონფერენციაზე გურამ კაშია იყო, რომელმაც მოახლოებული თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"კოსოვოსთან წაგების შემდეგ ძალიან ძნელია ასე სწრაფად რეაბილიტაცია, მაგრამ ამის გაკეთებას ვეცდებით. ის, რაც რამდენიმე თვის წინ ესპანეთთან გავაკეთეთ, გვეხმარება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაშიც გამოვიყენოთ. ვიცით, რომ ჩვენი გამარჯვება ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მინიმუმ ქულა მოვიპოვოთ", - აღნიშნა გურამმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მე-4 ტურში კოსოვოსთან ბათუმში 0:1 წააგო. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთს ბადახოსში დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგურ თამაშსაც ჩაატარებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა. ჯგუფს შვედეთი ლიდერობს (3 მატჩი, 9 ქულა), მეორეზე ესპანეთია (4 მატჩი, 7 ქულა), მესამეზე - კოსოვო (3 მატჩი, 3 ქულა), ხოლო მე-4 ადგილს საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები