Thumbnail

5 სექტემბერს ბადახოსის "ესტადიო ნუევო ვივეროზე" ვილი სანიოლის ნაკრები ყატარი 2022-ის B შესარჩევი ჯგუფის მე-2 წრეს დაიწყებს, მეტოქე მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ესპანეთია...

საქართველომ ესპანეთს სტუმრად ერთხელ უკვე მოუგო

საქართველოს ნაკრები 4 თამაშიდან ერთადერთი ქულით ჯგუფის აუტსაიდერია. დიდი ალბათობით, მუნდიალი კვლავ მის გარეშე ჩაივლის. ერთადერთი, რაც საგზურისთვის ბრძოლას გააცოცხლებს, სენსაციური გამარჯვებაა. 

სხვათა შორის, თუ ასე მოხდა, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა საქართველოს ნაკრები სტუმრად დაამარცხებს ესპანეთს - "ფურია როხას" "ჯვაროსნები" აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ, ყველა ოფიციალური მატჩი წააგეს, მაგრამ მოიგეს ამხანაგური - 2016 წლის ივნისში მადრიდის "კოლისეუმზე" ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:0 დაამარცხა ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა. მე-40 წუთზე გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელიც ნაკრების მოქმედ ფეხბურთელთა შორის ბომბარდირია (12 გოლი) და რომელიც ბადახოსში არ იქნება. 5 წელი გავიდა იმ მატჩიდან, თუმცა ბადახოსში შესაძლოა, "კოლისეუმის" გმირებიდან გურამ კაშიამ, ჯაბა ჯიღაურმა, გიორგი აბურჯანიამ, ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი ქვილითაიამ ითამაშონ.

2016 წ. ესპანეთი 0:1 საქართველო. გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა

მანამდე იყო ორი დაპირისპირება 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე - თბილისში 0:1 მარცხი (სოლდადო), ხოლო ალბასეტეში - 0:2 (ნეგრედო, მატა). დაბოლოს, ყატარის მუნდიალის საკვალიფიკაციოზე, ვილი სანიოლის გუნდმა გვარიანად ანერვიულა "ფურია როხა" - საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლის წყალობით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ფერან ტორესმა გაათანაბრა, ხოლო დანი ოლმომ საქართველოს ნაკრები ბოლო წუთზე უქულოდ დატოვა - 1:2. მოკლედ, მარცხების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს ყველა შეხვედრაში თანაბრად ებრძოლა.

ბადახოსში ესპანელთა კარში ორივე ქართული გოლის ავტორი არ ითამაშებს, როგორც ოქრიაშვილი, ასევე კვარაცხელია ნაკრებში ამ ეტაპზე არაა - რუბინის შემტევის შემთხვევაში, ოფიციალური მიზეზი მცირე ტრავმაა. 

ესპანეთი მორენოს გარეშე, საქართველო - კიტეიშვილის

ბადახოსში საქართველოს ნაკრები 25-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა, გუნდში აღარ არის ოთარ კიტეიშვილი, რომელიც კოსოვოსთან 0:1 მარცხში დაშავდა და მე-12 წუთზე გამოცვალეს. სამაგიეროდ, ტრავმა მოირჩინა საბა ლობჟანიძემ. სხვა ცვლილება ნაკრების შემადგენლობაში არ არის. ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან სამი ქულა ძალიან სჭირდება, რადგან პირველ ადგილს 2 ქულით ჩამორჩება (თანაც, შვედეთზე მეტი თამაში აქვს ნათამაშები) - ჯგუფიდან მუნდიალზე პირდაპირ მხოლოდ გამარჯვებული გადის. შვედეთთან მატჩში ჟერარდ მორენო დაშავდა, რომელიც საქართველოსთან შეხვედრაში არ იქნება. ლუის ენრიკეს მის ნაცვლად არავინ გამოუძახებია.

შეგახსენებთ, ფრანგი ვილი სანიოლის ნაკრებმა ყატარი 2022-ის შესარჩევ ციკლში პირველი 4 მატჩი ჩაატარა: დამარცხდა შვედეთში (0:1), შინ ესპანეთთან (1:2), ფრედ ითამაშა საბერძნეთში (1:1) და ბათუმში კოსოვოსთან დამარცხდა (0:1). შესარჩევ ჯგუფში ნაკრების ორივე გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა.

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ მატჩებში 9 წელია, რაც არ მოუგია. ბოლოს გუნდმა ბელარუსი დაამარცხა (2012 წ) 1:0.

📌 ამ ხნის განმავლობაში ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჯამში 21 მატჩი გამართა.

📌 საქართველოს ნაკრები ესპანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდა - 1 მოგება და 3 მარცხი.

📌 საქართველოს ნაკრებისთვის კოსოვოსთან მატჩი 256-ე იქნება. 76 მოგება, 55 ფრე, 124 მარცხი, ბურთები 289:360.

📌 ჯაბა კანკავასთვის კოსოვოსთან მატჩი ეროვნულ ნაკრებში 98-ე იქნება (10 გოლი), გურამ კაშიასთვის - 89-ე (2 გოლი), გიორგი ლორიასთვის - 68-ე.

📌 ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი გოლი თორნიკე ოქრიაშვილს (12) აქვს გატანილი, მას მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ვაკო ყაზაიშვილი.

📌 შვედეთში მარცხით ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 66-მატჩიანი (!) წაუგებელი სერია შეწყვიტა.

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ასპილიკუეტა, ალბიოლი, ლაპორტი, გაია - როდრი, კოკე, ფორნალსი - სარაბია, ფერან ტორესი, მორატა

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი - კანკავა, აბურჯანია - ლობჟანიძე, დავითაშვილი, წიტაიშვილი - ქვილითაია

 

კომენტარები

ბოლო ამბები