Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრების თავკაცმა საქართველოსთან თამაშის წინ მედიასთან ისაუბრა
  • ლუის ენრიკეს პირველ წრეში გამართული თბილისური მატჩი კარგად ახსოვს
  • ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა ფანებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოსთან თამაშის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ვილი სანიოლის გუნდთან იოლ დაპირისპირებას არ ელის და ქომაგის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს. 

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში მე-5 შეხვედრას 5 სექტემბერს, სტუმრად, ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა ქალაქ ბადახოსში, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.

ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი):

...შვედეთან წაგებაზე: "ის მატჩი კიდევ ერთხელ ვნახეთ და დეტალურად გავაანალიზეთ. გაცილებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. არის ბევრი სათამაშო დეტალი, რომლებსაც გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ფეხბურთი ინდივიდუალური და კოლექტიური შეცდომების თამაშია. არ არსებობს ერთი მიზეზი, რომლის გამოც წავაგეთ თამაში. ბევრი რამის თანხვედრა იყო. სათამაშო სქემა დაცვაში მარტივია, თავდასხმაში კი თამაშიდან გამომდინარე იცვლება. მიყვარს შეტევა, გვიწევს გარისკვა და ფეხბურთელებსაც ესმით ეს. არ ვეთანხმები კრიტიკას, რომელიც ერიკ გარსიამ დაიმსახურა. ის ბრწყინვალე ფორმაშია და კმაყოფილი ვარ მისი თამაშითა და მოქმედებებით". 

...მომავალ თამაშზე: "ბოლო დროს გუნდების დონეები გათანაბრდა და თითოეული მატჩის მოგება ძალიან გართულდა. სანერვიულო საქართველოს ნაკრებთანაც გვექნება, თუმცა გვაქვს საკუთარი კედლების უპირატესობა. კარგად მახსოვს, რომ პირველ წრეში ამ მეტოქესთან თამაში სულაც ბოლო წუთზე მოვიგეთ". 

...მუნდიალზე გასვლის შანსზე: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენი ამოცანა არ არის, ნოემბერს ჯგუფში პირველ ადგილზე შევხვდეთ. ჩვენი მიზანი მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია და გჯერა, ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველი შვედეთია, მუნდიალზე გასვლა-არგასვლა ჩვენზეა დამოკიდებული". 

...ფანების როლზე: "გვსურს დადებითი განწყობა შევიქმნათ. მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ ფანებს, რომელთა თანადგომა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენს თამაშზე აუდიტორიას ძალიან დიდი გავლენა აქვს, ის ფრთებს გვასხამს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სირთულეები გვაქვს".

ესპანელთა ბოლო ვარჯიში საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე

მედიასთან ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმაც ისაუბრა. ბარსელონას 33 წლის ნახევარმცველმაც, მწვრთნელის მსგავსად, ერიკ გარსია დაიცვა და ფანებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთის ნაკრების კაპიტანი)

"გვესმის, რომ ჩვენი მოვალეობა კარად თამაში და შედეგის დადებაა. ჩვენ კი გულშემატკივრებს ვთხოვთ, მხარი დაგვიჭირონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრობლემები გვაქვს. ერთად უფრო ძლიერები ვართ და რთულ მომენტებში სწორედ ფანების გვმატებენ ძალას. 

როდესაც მარცხდები, ყოველთვის დამნაშავეს ეძებ, მაგრამ არასწორია მხოლოდ ერთი ადამიანის დადანაშაულება. ერიკ გარსიას კრიტიკა უსამართლოა. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც აქვს აწმყო და მომავალი. 

თითოეული თამაში განსაკუთრებულია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც კარგად აკონტროლებს ბურთს, თუმცა ყოველთვის არის მომატების შესაძლებლობაც. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სტოკჰოლმში მეტის მიღწევა, მაგრამ.. ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე უნდა ვიფიქროთ". 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფს 3 მატჩში 3 მოგებით შვედეთი ლიდერობს. ესპანეთის ნაკრები 4 შეხვედრაში მოპოვებული 7 ქულით კი მეორეა. საქართველოს ნაკრები 4 თამაშში ერთი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები