Thumbnail

ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისთვის თავდამსხმელი გამოაკლდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ესპანეთის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისთვის თავდამსხმელი ჟერარდ მორენო გამოაკლდა. ვილიარეალის ფორვარდს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ლუის ენრიკემ გადაწყვიტა, რისკზე არ წასულიყო და ფეხბურთელი სახლში გაუშვა.

მორენო „ფურია როხას“ საქართველოსთან და კოსოვოსთან მატჩებში დააკლდება. ესპანელ სპეციალისტს მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელი არ გამოუძახებია. მორენომ შვედეთთან მატჩში ითამაშა, მაგრამ მე-2 ტაიმში ადამა ტრაორემ შეცვალა.

ესპანეთმა 2 სექტემბერს, სტოკჰოლმში, შვედეთთან წააგო და ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ გაირთულა, რადგან იმავე შვედეთს 2 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს კი პირდაპირ მხოლოდ პირველი ადგილი იძლევა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მე-4 ტურში კოსოვოსთან ბათუმში 0:1 წააგო. ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთს ბადახოსში დაუპირისპირდება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგურ თამაშსაც ჩაატარებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ოთხ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-5 ადგილზეა. ჯგუფს შვედეთი ლიდერობს (3 მატჩი, 9 ქულა), მეორეზე ესპანეთია (4 მატჩი, 7 ქულა), მესამეზე - კოსოვო (3 მატჩი, 3 ქულა), ხოლო მე-4 ადგილს საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები