Thumbnail
  • მარიო მანჩჯუკიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
  • მას რამდენიმე კლუბი იწვევდა, მაგრამ უარი თქვა

ხორვატული ფეხბურთის ლეგენდამ მარიო მანჯუკიჩმა კარიერა დაასრულა. 35 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ხორვატს ბოლო ხანებში, როგორც თავისუფალ აგენტს, რამდენიმე კლუბისგან წინადადება ჰქონდა, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ინსტაგრამში მან წერილი გამოაქვეყნა, რომელიც სიმბოლურად, დიდმა მარიომ პატარა მარიოს მისწერა.

"ძვირფასო პატარა მარიო,

ამ ბუცების ჩაცმისას, რომელიც შენთვის პირველია, ვერც კი წარმოიდგენ, რას მიაღწევ ფეხბურთში. გაიტან გოლებს ყველაზე დიდ სცენებზე და მოიგებ დიდ ტიტულებს საუკეთესო კლუბების მაისურებით. ხორვატიის ნაკრების მაისურით დაწერ ხორვატული სპორტის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მომენტს. მიაღწევ წარმატებებს, რადგან ბევრი ადამიანი გყავს გვერდით, რომლებიც დაგეხმარებიან - თანაგუნდელები, რომლებთან ერთად იბრძოლებ; მწვრთნელები, რომლებისგანაც ისწავლი; გულშემატკივრები, რომლებიც დაგეხმარებიან; ოჯახი, მენეჯერები და მეგობრები, რომლებიც ყოველთვის შენთან იქნებიან. სამუდამოდ ყველა მათგანის მადლობელი იქნები.

წარმატებას პირველ რიგში იმიტომ მიაღწევ, რომ ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯები, კარიერის ბოლოს კი ამით ყველაზე მეტად იამაყებ. ფეხბურთს ბევრ რამეს შესწირავ, მაგრამ გეცოდინება, რომ იმ საოცარი მომენტების გამო, რომელსაც განიცდი, ყველაფერი ღირდა. გააცნობიერებ შესაფერის მომენტს, რომ დაასრულო საფეხბურთო კარიერა, ეს ბუცები კარადაში შეინახო და ბედნიერი იქნები, არაფერს ინანებ. ფეხბურთი ყოველთვის იქნება შენი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ მოუთმენლად დაელოდები ახალ თავს. შეგიძლია ისიამოვნო!

შენი დიდი მარიო.


P.S. თუ ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებ, დაახლოებით 109-ე წუთისთვის მზად იყავი."

მანჯუკიჩმა ინგლისელებთან თამაში განსაკუთრებულად გამოარჩია, რადგან 2018 წლის მუნდიალის ნახევარფინალში 109-ე წუთზე მათ გოლი გაუტანა და ხორვატია, ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.


მარიო მანჯუკიჩის კარიერა სამშობლოში, მარსონიაში დაიწყო. შემდეგ ითამაშა ზაგრებში (57 მატჩი, 17 გოლი), დინამო ზაგრებში (128 მატჩი, 63 გოლი), ვოლფსბურგში (60 მატჩი, 20 გოლი), ბაიერნში (88 მატჩი, 48 გოლი), ატლეტიკოში (43 მატჩი, 20 გოლი), იუვენტუსში (162 მატჩი, 44 გოლი), ალ-დუჰაილში (10 მატჩი, 2 გოლი) და ბოლოს მილანში იყო, სადაც 11 უგოლო თამაში ჩაატარა. ხორვატიის ნაკრებში მანჯუკიჩმა 2007-2018 წლებში 89 შეხვედრაში თავი 33-ჯერ გამოიჩინა.

მარიოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალის კარში ულამაზესი გოლი აქვს გატანილი

მას ბევრი ტიტული აქვს მოგებული: სამჯერ ხორვატიის ჩემპიონი და ორჯერ თასის მფლობელი გახდა, ორ-ორჯერ მოიგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, თითოჯერ გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, იტალიის სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ იტალიის თასი და ოთხჯერ იტალიის ჩემპიონატი. მარიოს ჩემპიონთა ლიგის ორ სხვადასხვა ფინალში აქვს გოლი გატანილი, საიდანაც 2013 წელს ბაიერნთან ერთად გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 2017 წელს იუვენტუსის მაისურით დამარცხდა. ხორვატიის ნაკრებთან ერთად 2018 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები