Thumbnail

საშინელი თამაში და მარცხი კოსოვოსთან - ნაკრები ჯგუფში ბოლო ადგილზეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ეს წაგება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ახლა ყველაზე მეტი მატჩი და ყველაზე ცოტა ქულა აქვს - შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდი 4 თამაშის შემდეგ ბოლო ადგილზეა. არადა, თუკი ეროვნულ გუნდს რომელიმე მატჩში 3 ქულა უნდა აეღო, პირველ რიგში კოსოვოსთან, საკუთარ მოედანზე...

ყატარი 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში კოსოვოს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ეს კოსოვოს ისტორიაში პირველი გამარჯვებაა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში. საქართველოს ნაკრებს კი ამ ტურნირზე უკვე 21 მატჩია, რაც არ მოუგია.

ვილი სანიოლის გუნდს ტრავმის გამო მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დააკლდა, ასევე ბოლო დღეს გამოაკლდა გუნდს შესანიშნავ ფორმაში მყოფი საბა ლობჟანიძე, ლევან შენგელია კი დისკვალიფიცირებული იყო. სანიოლი კარში, როგორც დაანონსა, ლორიას ენდო. დებიუტანტი წიტაიშვილი პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, ხოლო წინ ფრანგმა სპეციალისტმა მიქაუტაძეს ქვილითაია ამჯობინა. 

სანიოლს უკვე მე-12 წუთზე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - ოთარ კიტეიშვილმა თამაში ვეღარ გააგრძელა და ის ჯაბა ჯიღაურმა შეცვალა. მალე სტუმრები დაწინაურდნენ - მარცხენა ფლანგზე აქტიურობის შემდეგ, ბერიშამ ჩააწოდა და მურიქისთან ბრძოლაში დავით ხოჭოლავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საერთო ჯამში, პირველ ტაიმში ბურთს უფრო საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. გუნდში მხოლოდ დებიუტანტი წიტაიშვილი გამოირჩეოდა.

ვაკო ყაზაიშვილმა სანიოლის ფორმაციის ნაკრებში პირველად ითამაშა

54-ე წუთზე საქართველოს ნაკრები აშკარა გოლს გადაურჩა - კოსოვოელებმა მეტოქე სწრაფ კონტრშეტევაზე დაიჭირეს, კასტრატი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ლორიამ გუნდი გადაარჩინა, შემდეგ დამატებაზე მურიქის კანკავამ დაუბლოკა. სამ წუთში აბურჯანიას უკეთ რომ ეთამაშა, კოსოვოელთა კართან სახიფათო მომენტი შეიქმნებოდა.

მეორე ტაიმში მოედანზე ვითარება დაიძაბა

83-ე წუთზე კოსოვოელთაგან ჯარიმა ლორიამ ორჯერ მოიგერია, თუმცა მურიქიმ დაამატა. თანამსაჯმა სტუმართა ფორვარდზე თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა ეპიზოდი VAR-ზე შემოწმდა. ვიდეორეფერიმ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საქართველო 0:1 კოსოვო

გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18-ავტოგოლი)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი - აბურჯანია, კანკავა - წიტაიშვილი, კიტეიშვილი (12. ჯიღაური (78. დავითაშვილი)), ყაზაიშვილი (60. მიქაუტაძე) - ქვილითაია (78. ჩაკვეტაძე).

კოსოვო (4-3-3): მურიჩი - ვოივოდა, რაჰმანი, ალიტი, ჰადერგიონაი - ჰალიმი (68. ლოშაი), დრესევიჩი, ბერიშა (94. კრეიზიუ) - კასტრატი (68. ბიტიქი), მურიქი, რაშანი (93. შალა).

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8-ში უკვე ამხანაგურ მატჩს გამართავს - სტუმრად ბულგარეთში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები