Thumbnail
  • ბარსელონას ახალი მე-10 ნომერი ანსუ ფატი იქნება
  • მესის ნომერი 'ლა მასიას' აღზრდილ ტალანტს გადასცეს
  • გავიხსენოთ ლეგენდები, რომლებსაც ბარსაში 10 ნომერი ჰქონდათ

მაშ ასე: ამ სეზონიდან ბარსელონას ახალი ‘ათიანი’ ანსუ ფატი იქნება. კატალონიური გრანდის გულშემატკივრების უმრავლესობის აზრით, თუკი რონალდ კუმანის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებიდან ამას ვინმე იმსახურებდა, პირველ რიგში სწორედ “ლა მასიას” აღზრდილი ტალანტი, რომელიც ბარსას და ესპანეთის ნაკრების მომავალთან ასოცირდება.

ესპანური მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ ბარსას ხელმძღვანელები მე-10 ნომრის სხვა მოთამაშეებისთვის მიცემაზეც ფიქრობდნენ (მაგალითად, ფელიპე კოუტინიოსთვის) და იმაზეც, რომ ‘ათიანი’ მინიმუმ ერთი სეზონით თავისუფალი დაეტოვებინათ. საბოლოოდ, ყველაფერი ანსუ ფატის სასარგებლოდ გადაწყდა.

მესი პსჟ-ში გადავიდა, ბარსას ახალი ათიანი კი ანსუ ფატი გახდა

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ფეხბურთელი შარშან შემოდგომაზე დაშავდა და თითქმის 1 წელია არ უთამაშა. ფატიმ ამ ხნის მანძილზე ორი ოპერაცია გადაიტანა და ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა. ვარაუდობენ, რომ იგი მოედანს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ძალიან მალე დაუბრუნდება.

მოკლედ, მესის ნომერი თავისუფალი აღარ არის და ახლა ის დროა, რომ გავიხსენოთ, რომელ დიდ ფეხბურთელებს ეცვათ ბარსელონაში ადრე 10-ნომრიანი მაისურა. იოლი მისახვედრია, რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი სიაა. ბარსას ყოფილ დიდ ‘ათიანებს’ ფოტოგალერეაში ნახავთ.

ანსუ ფატი

18 წლის შემტევზე ბარსელონაში და ზოგადად ესპანეთში უდიდეს იმედებს ამყარებენ. ანსუ ფატი დიდი ხანია, ტრავმირებულია, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მოედანს მალე დაუბრუნდება. და ბარსელონაში 10 ნომრით ითამაშებს!

ლიონელ მესი

ფატიმ ბარსას ათიანის რანგში ლეო მესი შეცვალა - არგენტინელი სუპერვარსკვლავი, რომელიც 6-ჯერ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და წლების მანძილზე კატალონიური გრანდის სავიზიტო ბარათი იყო. მესი კარიერას პსჟ-ში აგრძელებს.

რონალდინიო

მესიმდე ბარსას მე-10 ნომერი ბრაზილიელი 'ჯადოქარი' რონალდინიო გახლდათ. 2004 და 2005 წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია მათ შორის, ვინც ფეხბურთის ისტორიას ახსოვს.

ხუან რომან რიკელმე

არგენტინელმა გამთამაშებელმა ბარსელონაში ცოტა ხანს ითამაშა და მართალია, ლუის ვან გაალის ხელში თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა და ბარსაში იმედები დიდად ვერ გაამართლა, მაგრამ ეს მის ნიჭს და შესაძლებლობებს მაინც არ აკნინებს.

რივალდო

რიკელმემდე კი რივალდო იყო - ისევ ბრაზილიელი. მასთან მე-11 ნომერიც ასოცირდება. უნაკლო ტექნიკის მქონე ცაცია რივალდოს ბევრი საოცნებო გოლი აქვს გატანილი. 1999 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 

იარი ლიტმანენი

ფინური ფეხბურთის ლეგენდა, გენიალური გამთამაშებელი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ამსტერდამის აიაქსში გაატარა. ბარსელონაში გადასვლის შემდეგ კი ტრავმებით დაიტანჯა. 

გეორგე ჰაჯი

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე ბრწყინვალე თამაშის შემდეგ გეორგე ჰაჯი ბარსაში გადავიდა, თუმცა "კარპატელ მარადონად" წოდებულმა გამთამაშებელმა იოჰან კრუიფთან ურთიერთობა ვერ დაალაგა. 

რომარიო

ბრაზილიელი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და 10 ნომერი ბარსელონაში - ამით უკვე ბევრი რამ არის ნათქვამი. 1994 წლის მუნდიალის გმირი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორია.

ხოსეპ გვარდიოლა

პეპ გვარდიოლა ბარსადან ყველას მე-4 ნომრით ახსოვს, მაგრამ იმ დროს, როცა ფეხბურთელებს გვარები არ ეწერათ და ნომრებიც თამაშიდან თამაშამდე იცვლებოდა, პეპს ბარსაში არცთუ იშვიათად ეცვა ხოლმე 10-ნომრიანი მაისურა.

დიეგო მარადონა

ფეხბურთის ღმერთად წოდებული არგენტინელი ბარსელონას ფანებს 1982-84 წლებში აღაფრთოვანებდა. და დიეგო, რა თქმა უნდა, "ათიანი" იყო. 

ლუის სუარეს მირამონტესი

ჰო, ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ კატალონიელებს ადრეც ჰყავდათ ლუის სუარესი, რომელმაც 1960 წელს 'ოქროს ბურთი' მოიგო. აღსანიშნავია, რომ თავისი დიდი წარმატებები მან მილანის ინტერში იზეიმა.

ლასლო კუბალა

ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთ პირველ დიდ ფეხბურთელად უნგრეთში დაბადებული ლასლო კუბალაა მიჩნეული. 1957 წელს გახსნილ 'კამპ ნოუს' კუბალას სახლს უწოდებდნენ. ბარსამ მას სტადიონის წინ ძეგლი დაუდგა. ალბათ მესისაც დაუდგამენ. რაც შეეხება ანსუ ფატის - ვნახოთ...

 

კომენტარები

ბოლო ამბები