Thumbnail

კოსოვოს მწვრთნელი: საქართველოსთან საინტერესო თამაშს და 3 ქულას ველოდები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

შვედეთში (0:1), ესპანეთთან (1:2) და საბერძნეთში (1:1) მატჩების შემდეგ, საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრაში კოსოვოს ბათუმში უმასპინძლებს. სამწუხაროდ, მატჩი კოვიდ-ვითარების გამო უმაყურებლოდ ჩატარდება. მიუხედავად ამისა, ვილი სანიოლმა  კოსოვოსთან საშინაო მატჩში მხოლოდ 3 ქულა უნდა დაგეგმოს. ეროვნული გუნდის მთავარი მწრთნელის შემდეგ, თამაშის წინ პრესკონფერენცია კოსოვოელთა შვეიცარიელმა დამრიგებელმა ბერნარ შალანდმაც გამართა. მასთან ერთად ჟურნალისტების წინაშე კოსოვოს ნაკრებისა და კლერმონის შემტევი ელბასან რაშანიც წარსდგა.

ბერნარ შალანდი (კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი)

...გამოუყენებელ შანსზე: "ჩვენ და საქართველო ევროპის ჩემპიონატთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ჩვენი ოცნებები ჩრდილოეთ მაკედონიამ დაამსხვრია. 

...საქართველოსთან მატჩზე: ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის რთული ჯგუფია. ვუყურე ქართველების თამაშს ჯგუფში, თქვენ ძალიან კარგ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდით. ჩვენ ორი მარცხით დავიწყეთ, მაგრამ ახლა დროა, რაღაც ვაჩვენოთ. ნამდვილად საჭიროა, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ და მე პირადად საინტერესო თამაშსა და 3 ქულას ველოდები.

...ცარიელ ტრიბუნებზე: სამწუხაროა, რომ ქომაგების გარეშე ვითამაშებთ, მაგრამ ამ დროში ვიცით, რომ სხვანაირად არ გამოვა. მთავარია, რომ რეგულაციები დავიცვათ.

ელბასან რაშანი (კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელი):

...კოსოვოს მიზანზე: "ჩვენ აქ 3 ქულის ასაღებად ჩამოვედით. ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ბოლომდე დავიხარჯებით. მე ასი პროცენტით მზად ვარ".

...თავის საკლუბო კარიერაზე: საფრანგეთის ლიგა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ძალიან ვამაყობ, რომ საფრანგეთში ყველაფერი კარგად დავიწყე და ჩემს გუნდს ქულების მოპოვებაში დავეხმარე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდში ვთამაშობთ, მთავარია, რომ ნაკრებთან ერთად წარმატებას მივაღწიოთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან თამაშის შემდეგ, 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს დაუპირისპირდება. სექტემბრის სანაკრებო ფანჯარას ვილი სანიოლის გუნდი სოფიაში, ბულგარეთთან (8 სექტემბერს) ტესტ-მატჩით დაასრულებს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს (3 მატჩი, 7 ქულა), მეორეზე შვედეთია (2 მატჩი, 6 ქულა), მესამეზე კი - საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა). ჯგუფში ბოლო ადგილს კოსოვო (2 მატჩი, 0 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები