Thumbnail

ახალი კონტრაქტი ედერსონს - ბრაზილიელი სიტიში დიდი ხნით რჩება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ედერსონი მანჩესტერ სიტის 2017 წელს შეუერთდა
  • ბრაზილიელმა ახალი სეზონი კარგად დაიწყო

მანჩესტერ სიტიმ ბრაზილიელ მეკარესთან ედერსონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, "ქალაქელთა" კიპერი ინგლისურ კლუბში კიდევ 5 წლით, 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ედერსონი სიტის მეხუთე ფეხბურთელია, რომელიც ახალ კონტრაქტს დათანხმდა. მანჩესტერულ გუნდთან ბრაზილიელ მეკარემდე ხელშეკრულებები განაახლეს: კევინ დე ბრუინმა, ფერნანდინიომ, რუბენ დიაშმა და ჯონ სტოუნსმა.

"ეს ჩემთვის ადვილი გადაწყვეტილება იყო, რადგან სხვა არცერთ კლუბში მსურს ყოფნა. იყო ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გუნდის ნაწილი და ყოველწლიურად იბრძოლო ტიტულებისთვის, ეს არის ის, რაც ყველა ფეხბურთელს სურს და ეს არის შესაძლებლობა, რომელიც სიტიში გეძლევა", - განაცხადა ბრაზილიელმა.

ედერსონი მანჩესტერ სიტის 2017 წელს, პორტუგალიური ბენფიკადან შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში 28 წლის მეკარემ 3-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 4-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ასოციაციის თასი და ორჯერ ინგლისის სუპერთასი. ედერსონი 2019 წელს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის გამარჯვებულიც გახდა.

ედერსონს პრემიერლიგის 2021/22 წლების სეზონში კარგი სტარტი აქვს. ბრაზილიელმა ინგლისის ჩემპიონატის საწყის 3 ტურში 2-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. 

კომენტარები

ბოლო ამბები