Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედმა კრიშტიანო რონალდო პირველად წარმოადგინა ახალ ფორმაში - მანკუნიანელებმა ფოტოები ‘ტვიტერზე’ გაავრცელეს. თუმცა ჯერ კიდევ არ ჩანს, ითამაშებს თუ არა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “თავისი” ნომრით.

საქმე ისაა, რომ იუნაიტედმა მე-7 ნომრით ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი დაარეგისტრირა - ეს მანამდე მოხდა, სანამ რონალდოს ტრანსფერი გადაწყდებოდა. იმისათვის, რომ ნომრის მფლობელი მოგვიანებით შეიცვალოს, პრემიერლიგის განსაკუთრებული თანხმობაა საჭირო. წესის მიხედვით, განაცხადში ფეხბურთელის ნომრის შეცვლა არ შეიძლება.

როგორც იცით, იუვენტუსმა და იუნაიტედმა რონალდოს ტრანსფერი საბოლოოდ სამშაბათს დაადასტურეს. გაირკვა ყველა დეტალი: 36 წლის კრიშტიანოს სანაცვლოდ იუნაიტედმა იუვეს მხოლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა ბონუსების სახით, ტურინულმა გრანდმა, შესაძლოა, კიდევ 8 მილიონი მიიღოს. CR7-ის კონტრაქტი ინგლისურ გრანდში 2-წლიანია, რომელიც შეიძლება კიდევ ერთი წლით გაგრძელდეს.

CR7-მა პოსტი ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ იუნაიტედში დაბრუნებას სერ ალექს ფერგიუსონს უძღვნის: "ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მიყვარს მანჩესტერ იუნაიტედი. ამ შესანიშნავ კლუბში გატარებული წლები და გზა, რომელიც ერთად გავიარეთ, სპორტის ამ დიდებული და გასაოცარი სახეობის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა," - წერს რონალდო პოსტში და იქვე საუბრობს ახდენილ ოცნებაზეც, ბოლოს კი ასე ამთავრებს: "ისტორია დაიწერა წარსულში და დაიწერება მომავალშიც. სიტყვას გაძლევთ, რომ ასე იქნება! აქ ვარ, ჩემს ადგილზე დავბრუნდი და მოდით, გავაკეთოთ ეს კიდევ ერთხელ. სერ ალექს, ეს თქვენთვისაა!"

მანჩესტერ იუნაიტედი 11 სექტემბერს, "ოლდ ტრაფორდზე" ნიუკასლს უმასპინძლებს და დიდი შანსია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის რედებიუტი ამ მატჩში შედგეს. კრიშტიანოს მანჩესტერის მაისურით 2003-2009 წლებში 292 თამაშში 118 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები