Thumbnail

UPDATE: ევროპის ტოპ-ლიგებისთვის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ხვიჩა კვარაცხელია კი ისევ ყაზანის რუბინშია - რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ეს ფაქტია.

რუსული კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, რომ რუბინს ტოტენჰემისგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. თუმცა რუსულ მედიაში გავრცელებულ კომენტარში ეს უკანასკნელი იმასაც ამბობს, რომ “კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში მიდის.”

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ტოტენჰემში ან რომელიმე ევროპულ ტოპ-კლუბში კვარაცხელიას ტრანსფერი არ შედგა, მისი საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლის შესახებ კომენტარის ნახვა კარგი ამბავია, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ ხვიჩა მართლაც იყოს ვილი სანიოლის განკარგულებაში?

ეროვნული გუნდის ლიდერმა რუბინში ბოლოს 15 აგვისტოს, კრილია სოვეტოვთან (1:1) ითამაშა (შეცვლაზე), 20 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და რუბინმა განაცხადიდან ამოიღო (კლუბის განმარტებით, დროებით). ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი კვარაცხელიას ტრანსფერის მოახლოვებას ნიშნავდა, მაგრამ ეს ეჭვი არ გამართლდა - ხვიჩა ისევ რუბინის ფეხბურთელია.

ფაქტია, კვარაცხელიას 15 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია. ფაქტია ისიც, რომ მას მართლაც ტრავმა ჰქონდა და ვერც ვარჯიშობდა. შედეგად: ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მის ნაცვლად გიორგი წიტაიშვილი გამოიძახა.

ფაქტია: ამ დროისთვის ხვიჩა ნაკრების განაცხადში არ არის. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ შემადგენლობას დაემატოს და თუკი გამოჯანმრთელდა, ესპანეთთან (5 სექტემბერს) მაინც ითამაშოს, მაგრამ კოსოვოსთან მატჩის წინ ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და მას ეროვნულ გუნდში ოქტომბრის სანაკრებო პაუზისთვის მოიაზრებს. 

სანიოლი: "ჩვენ ხვიჩა თავდაპირველად სიაში ჩავსვით. იმედი გვქონდა, რომ ამ მატჩებში ითამაშებდა. იგი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და ველოდებით, რომ ოქტომბრისთვის მზად იქნება. ხვიჩას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რუბინის განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, ისინი რას დაწერენ, ეს მათი საქმეა."

კვარაცხელიას ტრავმის გამო 15 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია

როგორც ჩანს, საიმანოვის განცხადება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ კვარაცხელია უბრალოდ საქართველოში წამოვიდა და არა ნაკრების შეკრებაზე.

ფაქტი (და ძალიან სამწუხარო) ის არის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ისევ ყაზანის რუბინის ფეხბურთელია...

კომენტარები

ბოლო ამბები