Thumbnail

2023 წელს გასამართი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპზე საქართველოს ნაკრები G ჯგუფში, ესპანეთის, უკრაინის და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. 

მეორე ეტაპზე ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი გავა, სადაც მათ H ჯგუფის (რუსეთი, იტალია, ნიდერლანდები, ისლანდია) საუკეთესო სამეული დაემატება და ამგვარად, ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც გუნდები პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულების გათვალისწინებით იასპარეზებენ, ოღონდ პირველ ეტაპზე ერთად მოხვედრილი გუნდები მეორე ეტაპზე ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებიან. მეორე ეტაპზე ოთხი ასეთი ჯგუფი იქნება და მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ჯგუფებიდან სამ-სამი საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება.

ილიას ზუროსის გუნდის მეტოქეებზე კომენტარი ბერძენი სპეციალისტის ასისტენტს, მანუჩარ მარკოიშვილს ვთხოვეთ.

“ვერ ვიტყვი, რომ ჯგუფი რთულია. მეორე ეტაპზე სამი გუნდი გადის. ამოცანა ნათელი იქნება - საქართველოს ნაკრებმა უკრაინის და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდებთან ქულათა მაქსიმუმი უნდა აიღოს, ესპანეთის ნაკრები კი ფავორიტია. ესპანელებს ჩვენ ევროპის ჩემპიონატზეც ვეთამაშებით და ბუნებრივია, რომ აუცილებელ გამოცდილებას შევიძენთ. უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის ნაკრები გუნდების თამაშს დეტალურად გავაანალიზებთ,” - გვითხრა მარკოიშვილმა.

პირველი ეტაპის მატჩებისთვის ფიბა-ს კალენდარში სამი ფანჯარაა გათვალისწინებული: 2021 წლის 22-30 ნოემბერი, 2022 წლის  21 თებერვალი-1 მარტი და 2022 წლის 27 ივნისი-5 ივლისი. თამაშები ორ წრედ (შინ და სტუმრად) გაიმართება. უკვე მზადაა ჯგუფის კალენდარიც. საქართველოს ნაკრები ტურნირს 2021 წლის 26 ნოემბერს უკრაინასთან საშინაო მატჩით იწყებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე 2023 წელს, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მეორედ იასპარეზებს. ქართველი კალათბურთელების პირველი მცდელობა, მოხვედრილიყვნენ 2019 წლის ტურნირის ფინალურ სტადიაზე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები