Thumbnail

'რკინის ხასიათი და სუპერ რეაქცია' - ესპანური მედიის ანალიზი მამარდაშვილზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

deportevalenciano.com-მა კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა ვალენსიას 20 წლის გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილს, ამჯერად, ანალიტიკური - "ვალენსიას სენსაციის თამაშის ანალიზი".

"გიორგი მამარდაშვილის სტარტი ლა ლიგაში ყველასთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. ჩვენ მისი თამაშის ასპექტებს ვაანალიზებთ. ის, რომ ქართველმა მეკარემ სასტარტოში ადგილი მოიპოვა, უდიდესი სენსაცია იყო. ვნახოთ, მისი თამაშის დადებითი მომენტები და ისიც, თუ რაში აქვს მოსამატებელი გიორგის უახლოეს თვეებში.

რკინის ხასიათი

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მხოლოდ 20 წლის არის და არც ესპანური იცის, მას არ ჰქონია ახალ კლუბში გადასვლის შიში. თავიდან მას სარეზერვო გუნდის კარი უნდა დაეცვა, მაგრამ ძირითად გუნდში მოიგო კონკურენცია. მამარდაშვილმა, სულ რაღაც ერთ თვეში ფანების ნდობა დაიმსახურა ცივსისხლიანი თამაშით და გამბედაობით. 

სუპერ რეაქცია

ყველაზე მეტად მამარდაშვილმა სწორედ თავისი სწრაფი რეფლექსებით გაგვაკვირვა, პირველივე ტურში გამოავლინა ეს მისი დადებითი მხარე. ჯერჯერობით, ლა ლიგაში მან მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. ეს შედეგი კი გუნდის მცველებისა და მეკარის კარგი თამაშის შედეგია. წინ უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა, ახლა კი ეს ყველაფერი უფრო ძლიერ მეტოქეებთან უნდა გამოიცადოს. 

ნაკლი და ის, რაც მოსამატებელი აქვს

მამარდაშვილი ძალიან ახალგაზრდაა, ამიტომაც ბევრი დეტალი დასახვეწი აქვს, თუმცა რითაც დაიწყო, ყველაფერი უკვე ძალიან პოზიტიურია. 

ფეხით თამაში აშკარად არ არის მისი ძლიერი მხარე, ისევე, როგორც გამოსვლებზე თამაში. იმის გათვალისწინებით, თუ რა მალე აუმჯობესებს ის თანაგუნდელებთან კომუნიკაციას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მამარდაშვილი ამ ორ ნაკლსაც გამოასწორებს. დღეს ის უკვე წინ არის ვალენსიას სხვა მეკარეებზე, მაგრამ ამის შენარჩუნებისთვის დიდი შრომა დასჭირდება". 


შეგახსენებთ, რომ 20 წლის გიორგი მამარდაშვილი დინამო თბილისმა ერთწლიანი იჯარით გაუშვა ესპანეთში, ვალენსიას მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. გიორგიმ წინასასეზონო თამაშებში შესანიშნავად ითამაშა და ლა ლიგის სასტარტო ტურებში შეუცვლელად ითამაშა. გიორგიმ 3 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და სპეციალისტებისა და ფანების მოწონება დაიმსახურა. პირველ ტურში ის ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.  

კომენტარები

ბოლო ამბები