Thumbnail

31 აგვისტოს შვეიცარიაში, "პარტიკ ბაუმანის კალათბურთის სახლში" საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული ზონის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეებიც გაირკვა.

ილიას ზუროსის გუნდი G ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთს, უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ევროპაზე გათვალისწინებული 12 საგზურისთვის მეორე რაუნდიდან 32 ნაკრები, მათ შორის საქართველოც იბრძოლებს. მატჩები 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, ორ ჯგუფურ ეტაპად გაიმართება.

პირველი ეტაპი

ამ ეტაპზე 8 ოთხგუნდიანი ჯგუფია. თამაშები ორ წრედ (შინ და სტუმრად) გაიმართება და ამისთვის სამი ფანჯარაა გათვალისწინებული - 2021 წლის ნოემბერში, 2022 წლის თებერვალსა და 2022 წლის ივნისში. ნაკრებებს ყოველ ფანჯარაში ორ-ორი მატჩის გამართვა მოუწევთ. თითოეული ჯგუფიდან ბრძოლას 3 საუკეთესო გააგრძელებს.

I ფანჯარა: 2021 წლის 22-30 ნოემბერი
II ფანჯარა: 2022 წლის  21 თებერვალი - 1 მარტი
III ფანჯარა: 2022 წლის 27 ივნისი - 5 ივლისი

წილისყრის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი დადგინდა. საქართველოს ნაკრები G ჯგუფში გამოსვლას წელს ნოემბერში, უკრაინასთან საშინაო დაპირისპირებით დაიწყებს და მომავალი წლის ივლისში ესპანეთთან საშინაო მატჩით დაასრულებს.

G ჯგუფის კალენდარი ასე გამოიყურება:

📅 | 26.11.2021
საქართველო V უკრაინა
ჩრდ.მაკედონია V ესპანეთი

📅 | 29.11.2021
ესპანეთი V საქართველო
უკრაინა V ჩრდ. მაკედონია

📅 | 24.02.2022
ესპანეთი V უკრაინა
საქართველო V ჩრდ. მაკედონია

📅 | 27.02.2022
უკრაინა V ესპანეთი
ჩრდ. მაკედონია V საქართველო

📅 | 01.07.2022
ესპანეთი V ჩრდ. მაკედონია
უკრაინა V საქართველო

📅 | 04.07.2022
საქართველო V ესპანეთი
ჩრდ. მაკედონია V უკრაინა

მეორე ეტაპი

24 ნაკრებს პირველ ჯგუფში ნაჩვენები შედეგები მეორეშიც გადმოჰყვება და შეიქმნება 4 ჯგუფი, თითოეულში 6 გუნდით. თუ FIBA-მ ფორმატი არ შეცვალა, A ჯგუფის სამეულს B ჯგუფის სამეული დაემატება, C ჯგუფის სამეულს - D ჯგუფის სამეული, E ჯგუფის სამეულს - F ჯგუფის სამეული, G ჯგუფის სამეულს - H ჯგუფის სამეული. გუნდები, რომლებიც მანამდე პირველ ჯგუფში ერთად გამოდიოდნენ, მეორეში ერთმანეთს აღარ ეთამაშებიან. ამრიგად, თითოეულ გუნდს სხვა ჯგუფის 3 წარმომადგენელთან მოუწევს ორ-ორი თამშის (შინ და სტუმრად) ჩატარება.

ამრიგად, საქართველოს ჯგუფიდან ამ ეტაპზე გადმოსულ სამ საუკეთესო ნაკრებს H ჯგუფის (იტალია, რუსეთი, ნიდერლანდები, ისლანდია) საუკეთესო სამეული უნდა დაემატოს.

მეორე ეტაპისთვისაც სამი ფანჯარაა გათვალისწინებული. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი, სულ 12 ევროპული ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის უფლებას მოიპოვებს.

IV ფანჯარა: 2022 წლის 22-30 აგვისტო
V ფანჯარა: 2022 წლის 7-15 ნოემბერი
VI ფანჯარა: 2023 წლის 20-28 თებერვალი

კალათბურთში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია

მსოფლიოს ჩემპიონატი ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე 2023 წელს, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მასში პლანეტის 32 საუკეთესო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მეორედ იასპარეზებს. ქართველი კალათბურთელების პირველი მცდელობა, მოხვედრილიყვნენ 2019 წლის ტურნირის ფინალურ სტადიაზე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები