Thumbnail

‘ფანები ისე შეხვდნენ, როგორც მეფეს’ - ასე დაემშვიდობა იუვე რონალდოს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი იუვენტუსიდან მანჩესტერ იუნაიტედში 27 აგვისტოს დადასტურდა, ახლა კი, ტურინული გრანდი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ოფიციალურად დაემშვიდობა და იუნაიტედთან შეთანხმების დეტალები დაადასტურა.

იუვეს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტრანსფერის ღირებულება სულ რაღაც 15 მილიონი ევროა. თანაც, ამ თანხას იუნაიტედი იუვენტუსს 5 წლის განმავლობაში გადაიხდის. გარდა ამისა, გარკვეული მიზნების მიღწევის შემდეგ, მანჩესტერელები ტურინელებს ბონუსებს გადაუხდიან, რაც მაქსიმუმ 8 მილიონი ევრო შეიძლება იყოს.

რაც შეეხება იმ ტექსტს, რომლითაც იუვენტუსი რონალდოს ემშვიდობება:

“ის დღე, როცა კრიშტიანო ტურინში ჩამოვიდა, ყველას წლების მანძილზე ემახსოვრება. იუვენტუსის ფანები მას ისე შეხვდნენ, როგორც მეფეს - მოუთმენლად ელოდნენ მის გამოჩენას მოედანზე.

კრიშტიანოს პირველმა განსაკუთრებულმა მომენტებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა: პირველი გასეირნება ვილას პეროსაზე, პირველი ოფიციალური მატჩი ვერონაში, პირველი გოლი, პირველი შეძახილი “სიიიი”... მერე იყო პირველი ტიტულები: სუპერთასი, პირველი ჩემპიონობა, პირველი თასი და ბომბარდირობა. და გოლები. ბევრი გოლი.

რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი იუვენტუსის ისტორიაში, რომელმაც პირველ სამ სეზონში იუვეს ფორმით 100-ზე მეტი გოლი გაიტანა…

ერთად ბევრი დაუვიწყარი მომენტი გადავიტანეთ. ჩვენ შეგვიძლია თითოეული მათგანის ციტირება, თავიდან გადატანა და ამ მომენტებზე დაუსრულებლად საუბარი, მაგრამ ეს არ დაგვეხმარება, რადგან კრიშტიანოსთან დაკავშირებით ყველას თავისი განსაკუთრებული მომენტი აქვს. ის, რაც ხდებოდა, მოგონებებში დარჩება. ეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა იყო,” - წერს იუვენტუსის პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსში 3 სეზონი ითამაშა. ის ორ-ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული, ერთხელ იტალიის თასი მოიგო და ერთხელაც სერია A-ს ბომბარდირის ტიტული. პორტუგალიელმა იუვენტუსის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოახერხა მინიმუმ 100 გოლის გატანა. საბოლოო ჯამში მან შავ-თეთრი მაისურით 134 თამაშში თავი 101-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები