Thumbnail

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გიორგი ზარია გამოიძახა!

ფრანგმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ ნაკრებს მოახლოებულ შეხვედრებში გიორგი ფანცულაია ვერ დაეხმარება. დინამო ბათუმის შემტევმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ის ეროვნულ ნაკრებში ვერ ითამაშებს. ფანცულაია ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს, სამწუხაროა, რომ ეროვნული ლიგის ბომბარდირი ამ სანაკრებო პაუზის დროს ნაკრებში ვერ ითამაშებს.

ფანცულაიას საქართველოს ნაკრებში მისი თანაგუნდელი გიორგი ზარია ჩაანაცვლებს. ბათუმის დინამოს ნახევარმცველისთვის ეს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა. 24 წლის ფეხბურთელს აქამდე 21-წლამდე ნაკრების რიგებში 2 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას  ვილი სანიოლის გუნდი 30 აგვისტოდან, 26 ფეხბურთელით დაიწყებს. საქართველოს ნაკრები 2 და 5 სექტემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს გამართავს - ჯერ ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, შემდეგ კი სტუმრად, ქალაქ ბადახოსში ესპანეთს შეხვდება. კიდევ ერთი მატჩი ვილი სანიოლის გუნდს 8 სექტემბერს აქვს დაგეგმილი - სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი), საბა ხვადაგიანი (დინამო საქართველო)

ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი, ჯაბა კანკავა (სლოვანი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი ზარია (დინამო ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), გიორგი ქვილითაია (აპოელ)

მუნდიალის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს (3 მატჩი, 7 ქულა), მეორეზე შვედეთია (2 მატჩი, 6 ქულა), მესამეზე კი - საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა). ჯგუფში ბოლო ადგილს კოსოვო (2 მატჩი, 0 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები