Thumbnail
  • იუვენტუსის კრიზისი პორტუგალიელის ბრალი არ ყოფილა
  • იუვემ აქცენტი დიბალასა და გუნდის გაახალგაზრდავებაზე გააკეთა

კრიშტიანო რომ იუვენტუსიდან მიდიოდა, წინა კვირას ვიცოდი. უდინეზესთან მატჩის ბოლო წამებზე თავისი საფირმო თავურით გაიტანა, მაისური გაიხადა და გოლი ისე აღნიშნა, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

გოლი, რომელიც შემდეგ VAR-მა გააუქმა, მაგარი იყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი სხვა რამესაც შეამჩნევდა. კრიშტიანო გოლის აღნიშვნის დროს არ მოერიდა მაისურის გახდას, რაც ყვითელ ბარათს ნიშნავს. გოლიც თითქოს არაბუნებრივად დიდი სიხარულით აღნიშნა. ვის არ ეშინია პირველივე ტურში ყვითელი ბარათის მიღების? პასუხი მარტივია - მას, ვინც სეზონის გატარებას იმ გუნდში აღარ აპირებს და არ ედარდება ყვითელ ბარათს მიიღებს, თუ არა.

გოლიც ისე აღნიშნა, თითქოს ეს მისი ფინალური სიტყვა იყო იუვეს შავ-თეთრ მაისურში. გამოვიდა, გაიტანა, მოაგებინა და შემდეგ წავიდა. კრიშტიანოს ნამდვილად უნდოდა ამ ისტორიის ასე დასრულება.

შეიძლება მეშლება, მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე, ზუსტად იმ მომენტში დავრწმუნდი, რომ რონალდოს წასვლა დღეების ამბავი იყო.

რატომ წავიდა რონალდო?

უდინეზესთან თამაშში სხვა მომენტიც იყო, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაინახა. რონალდო ძირითადში არ დააყენეს. ერთი ვერსიით, ეს მან თვითონვე მოითხოვა, რადგან წასვლას აპირებდა და იუვეს მაისურით თამაში აღარ უნდოდა. მეორე ვერსიით, ის ალეგრიმ არ დააყენა და ამით კლუბმა მიანიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, ახალი გუნდი მოეძებნა. ალბათ მაინც პირველი ვერსია უფრო რეალურია. უფრო სანდო წყაროები ამ ვერსიისკენ იხრებიან. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარი ის არის, რომ როცა კრიშტიანო სათადარიგო სკამზე რჩება, ნიშნავს, რომ რაღაც ბოლომდე წესრიგში ვერ არის.

რონალდოს პირველი გოლი იუვენტუსის შემადგენლობაში

მატჩის შემდეგ იუვენტუსმა ლამაზად მოიტყუა - აღნიშნა, რომ რონალდო კიეზას და კიელინის მსგავსად სკამზე დარჩა, რადგან ევროპის ჩემპიონატიდან გვიან დაბრუნდა და თამაშისთვის ბოლომდე მომზადება ვერ მოასწრო. ტყუილი აშკარა იყო - კიეზამ და კიელინიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალი ითამაშეს, დასვენება მხოლოდ 18 დღე მოასწრეს და ფორმაში მართლაც არ იყვნენ, კრიშტიანოს პორტუგალია კი ჯერ კიდევ მერვედფინალში გავარდა და დასვენებისა თუ სეზონის მომზადებისთვის რონალდოს საკმარისი დრო ჰქონდა.

იქამდე, ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლო ტურში სხვა ეპიზოდიც იყო: როცა იუვეს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად აუცილებელი მოგება სჭირდებოდა, რონალდო სკამზე უკვე ანდრეა პირლომ დატოვა.

რონალდო და იუვენტუსი ერთმანეთს სკანდალით არ დაშორებულან, თუმცა ურთიერთობა ნელ-ნელა გაფუჭდა. ფეხბურთში დაუწერელი წესია, როცა მოთამაშეს ან მწვრთნელს კონტრაქტით წელიწადი რჩება, მას ან ამ კონტრაქტს უხანგრძლივებ ან გუნდიდან უშვებ. ეს ნდობის და პატივისცემის გამოხატულებაა. კრიშტიანოს იუვესთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი ჰქონდა, თუმცა ტურინელებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვეს. რონალდოს კლასის და კალიბრის ფეხბურთელისთვის ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა - კლუბმა უთხრა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი იმედი აღარ ჰქონდათ და რონალდოსაც, სრულიად სამართლიანად, ამ კლუბში დარჩენა აღარ მოუნდა.

როგორ უნდა შეფასდეს რონალდოს კარიერა იუვეში?

წასვლისას რონალდო გულშემატკივარს ღია წერილით დაემშვიდობა და აღიარა, რომ რაღაცები ისე არ გამოვიდა, როგორც მათ სურდათ.

სამი წლის წინ რონალდო იმ გუნდში მივიდა, რომელიც სკუდეტოს ყოველ წელს იგებდა, ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი ითამაშა და სტაბილურად ევროპის 3-4 საუკეთესო კლუბს მიეკუთვნებოდა. იუვენტუსს რონალდო ერთი მიზნისთვის სჭირდებოდა - მოეგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპულ ფეხბურთში ისეთივე დომინაცია დაემყარებინა, როგორც ეს მანამდე ბარსელონას და რეალს ჰქონდათ.

აქედან არაფერი გამოვიდა - იუვე რონალდოს სამ ჩემპიონთალიგურ სეზონში აიაქსთან, ლიონსა და პორტუსთან გავარდა და ნახევარფინალშიც კი არ ყოფილა. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნის, რომ ამ პერიოდში იუვემ 2 სკუდეტო და შიდა იტალიური თასები მოიგო. თუმცა, მთავარი მიზანი ვერ შესრულდა კი არა, სრულად ჩავარდა.

ეს რონალდოს ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. სამ სეზონში 101 გოლი გაიტანა და თამაშიდან თამაშამდე შეუჩერებელი იყო. რომ არ ყოფილიყო მისი გოლები, შარშან სარის ძალიან პრობლემური იუვენტუსი სკუდეტოს ნამდვილად ვერ მოიგებდა. ვერც წელს მოახერხებდა იუვე საჩემპიონთალიგო ოთხეულში შესვლას.

ჩემპიონთა ლიგაზეც პირველ ორ სეზონში იუვემ 6 პლეიოფურ თამაშში სულ 7 გოლი გაიტანა და შვიდივეს ავტორი პორტუგალიელი იყო. იუვეს დაღმასვლა რონალდოს ბრალი არცერთ შემთხვევაში არ არის. პირიქით, ის ერთადერთი იყო, რომელიც მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

იუვეს დაღმასვლა ალეგრის გაშვებით დაიწყო. რატომ უნდა წვრთნიდეს რონალდოს და, ზოგადად, იმ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, მაურიციო სარი? ან დებიუტანტი ანდრეა პირლო? მთავარი პრობლემა იუვეს სამწვრთნელოს სკამზე ჰქონდა. ამას დაემატა შარშან კიელინის ტრავმა, დე ლიხტის რთული ადაპტაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, პიანიჩის და მანჯუკიჩის უაზროდ გაშვება, ტრანსფერები, რომლებმაც ვერ გაამართლეს (რემზი, რაბიო, არტური) და დიბალას ფორმიდან ამოვარდნა. მოკლედ, იუვენტუსმა უფრო დააღალატა რონალდო, ვიდრე პირიქით.

გუნდის პერპექტივიდან, რონალდოს წასვლა იუვეს დასუსტებას ნიშნავს. ამ სეზონში ტურინელები პორტუგალიელს სრულფასოვნად ვერავითარ შემთხვევაში შეცვლიან.

თუმცა, ერთია გუნდი და მეორე კლუბი, როგორც ორგანიზაცია. კლუბის პერპექტივიდან, იუვეს აქვს თავისი ლოგიკა. რონალდოს ხელფასი ტურინელებს წელიწადში გადასახადების ჩათვლით 64 მილიონი უჯდებათ, რაც კოვიდის ეპოქაში ძალიან დიდი თანხაა. რონალდო უკვე 36 წლის არის და არათუ გრძელ, არამედ საშუალო პერსპექტივაშიც, რთულია მის დეკადანსს არ მოელოდე. 2021 პირველი წელი იყო, როცა რონალდომ თითქოს ცოტა მოუკლო. გოლები ისევ ბევრი გაიტანა, თუმცა პორტუსთან ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, მილანსა და ინტერთან გადამწყვეტ შეხვედრებში ისე იკარგებოდა, როგორც წინა წლებში არასოდეს უქნია.

რონალდოს გვერდზე თამაში ძალიან უჭირდა დიბალას - ეს დუეტი ერთმანეთს ტაქტიკურად ვერ ეწყობოდა. თან დიბალას კონტრაქტიც ერთ წელიწადში მთავრდება და არგენტინელიც ხელფასის მომატებას ითხოვს. იუვეც გრძელვადიან პერსპექტივაში გათვლას უფრო დიბალაზე აკეთებს და კონტრაქტის გახანგრძლივებას პირდება მაშინ, როცა რონალდოს ამაზე უარი უთხრა. ისევ და ისევ ასაკის, პერსპექტივის და საკლუბო მენეჯმენტის ამბავია და არა იმის, რომ დიბალა ფეხბურთს რონალდოზე მაგრად თამაშობს.

საჯარიმოში რონალდო ყველაზე სახიფათო იყო

ზოგადად, იუვე აღარ არის ის კლუბი, რაც 3 წლის წინ იყო. ტურინელები ალეგრისთან ერთად ახალ ციკლს იწყებენ და აქცენტს უფრო გუნდის გაახალგაზრდავებაზე აკეთებენ. რონალდოსთან ერთად თუ რონალდოს გარეშე, იუვე ჩემპიონთა ლიგის უპირველეს ფავორიტებს შორის მაინც არ იქნება. ამ პირობებში კრიშტიანოს ყოლა უფრო ფუფუნებაა, ვიდრე აუცილებლობა. ეს იგივეა, ავტოფარეხში "ფერარი" გედგას, როცა სიარული მხოლოდ სამსახურში გიწევს.

ასაკთან ერთად, რონალდო უფრო ნაკლებს მოძრაობს, არ აპრესინგებს, არ ეხმარება დაცვას, ნაკლებ სივრცეზე აქვს სათამაშო გავლენა და აუცილებლად სჭირდება გვერდზე დამხმარე ფორვარდი, რომელიც მის ნაცვლად შავ საქმეს გააკეთებს. სწორედ ამიტომ, მასთან ერთად დუეტში თამაში ნაკლებად გამოსდის დიბალას და გამოსდიოდა მანჯუკიჩს, მორატას და ბენზემას რეალში.

ეს რაღაცები უფრო მეტად ბოლო სეზონში გამოჩნდა. ამ სეზონში თამაშში საშუალოდ კრიშტიანოს პასების რაოდენობა 36-დან 29-მდე ჩამოვიდა. თამაშში 35 პასს რონალდო რეალში არასოდეს ჩამოცდენილა. ნაკლები პასი თამაშში ნაკლებ ჩართულობას ნიშნავს. ერთადერთი, რაც არ იცვლება, გატანილი გოლების რაოდენობაა. კრიშტიანო ალბათ ისევ მსოფლიოში საუკეთესოა მეტოქის საჯარიმოში.

იუვენტუსი რომ ის გუნდი იყოს, რაც 3-4 წლის წინ იყო, ექნებოდა იმის ფუფუნება, რომ რონალდო მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში გაემწესებინა და მისი გოლების იმედზე ყოფილიყო, შავი საქმე კი დანარჩენ გუნდს გადაენაწილებინა. თუმცა, იუვე ისე დომინანტი ვეღარ არის და ბოლო სეზონშიც, რიგ თამაშებში, განსაკუთრებით ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, რონალდომდე ბურთი უბრალოდ არ მიდიოდა, ის გუნდს მოწყვეტილი იყო. ამ სიტუაციებში კი იუვე თითქოს 10 კაცით რჩებოდა.

მოკლედ, იუვე და რონალდო თავისი გზისა თუ განვითარების იმ ეტაპზე აღმოჩნდნენ, როცა ერთმანეთი მაინც და მაინც აღარ სჭირდებოდათ.

სიყვარულის ისტორია არ გამოვიდა

"იუვე - დიდი სიყვარულის ისტორია" - ასე ჟღერს იუვეს ჰიმნის მთავარი სიტყვები. კრიშტიანო იუვენტუსში სიყვარულის ისტორია არასოდეს ყოფილა. ეს უფრო ბიზნესპროექტი იყო. რონალდო თავისი ხასიათით, სტილითა და მენტალიტეტით ნაკლებად მგონია ტურინში ოდესმე სახლში ყოფილიყო. კრიშტიანო ინდივიდუალისტი და თავის თავის კაცია, იუვენტუსი კი - კლუბი, რომელიც ინდივიდუალიზმზე მეტად, კოლექტიურ სულს და ორგანიზაციას აფასებს. მაგალითად, იუვეს გულშემატკივარს ძალიან არ მოეწონა, როცა შარშან პორტუსთან პლეი ოფში გადამწყვეტი ჯარიმის დროს კედელში მდგარ კრიშტიანოს ბურთის შეეშინდა თუ მოერიდა და ზურგით მოტრიალდა და ფეხი ასწია. ბურთი ზუსტად იქ გაძვრა და იუვემ პლეი ოფი დათმო.

ღია სკანდალამდე საქმე არასოდეს მისულა, თუმცა, როგორც, ბრიტანული "ატლეტიკის" წყაროები წერენ, კრიშტიანო პოტენციურ ტრანსფერს ჯერ კიდევ წინა წელს ეძებდა. დეტალები ცნობილი არაა, თუმცა, როგორც ჩანს, რონალდოსთვის ტურინი ყველაზე კომფორტული ადგილი არასოდეს ყოფილა. ამ მანჩესტერზე ვერ იტყვი, რომ იუვენტუსზე ძლიერია. რონალდოს არც მეტ ფულს უხდიან. თუმცა, ფაქტია, რომ კრიშტიანო იუნაიტედზეც თანახმა იყო, სიტიზეც და რეალში დაბრუნებაზეც, ოღონდ ტურინიდან წასულიყო.

სიმბოლური ამბავი იყო, როცა გამოსამშვიდობებელ წერილში კრიშტიანომ გულშემატკივარს სწორედ იუვეს ჰიმნის სიტყვებით მიმართა, თუმცა მართლწერაში შეცდომა დაუშვა. კრიშტიანოს და იუვენტუსის კავშირი ჰარმონიული ერთობა არასოდეს ყოფილა. კრიშტიანო 101 გოლით და ტიტულებით მიდის, ბევრი გააკეთა და კლუბის წინაშე ის პირნათელია, თუმცა ეს მაინც უფრო მეტად ის ბიზნესი იყო, რომელიც არ გამოვიდა, ვიდრე ლამაზი ლეგენდა ან ტრიუმფალური ისტორია.

კომენტარები

ბოლო ამბები