Thumbnail

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გიორგი წიტაიშვილი გამოიძახა!

ფრანგმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადასტურდა, რომ ნაკრებს მოახლოებულ შეხვედრებში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ყაზანის რუბინის ქართველ შემტევს ტრავმა აქვს და გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. სწორედ მის ნაცვლად უხმო სანიოლმა წიტაიშვილს, რომელიც ოდესის ჩერნომორეცის ფეხბურთელია.

​შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიმდინარე წლის მაისში მიიღო და ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.

სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას  ვილი სანიოლის გუნდი 30 აგვისტოდან, 26 ფეხბურთელით დაიწყებს. საქართველოს ნაკრები 2 და 5 სექტემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს გამართავს - ჯერ ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს, შემდეგ კი სტუმრად, ქალაქ ბადახოსში ესპანეთს შეხვდება. კიდევ ერთი მატჩი ვილი სანიოლის გუნდს 8 სექტემბერს აქვს დაგეგმილი - სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი), გურამ გიორბელიძე (დინამო დრეზდენი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი), საბა ხვადაგიანი (დინამო საქართველო)

ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი, ჯაბა კანკავა (სლოვანი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), გიორგი ქვილითაია (აპოელ), გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი)

მუნდიალის საკვალიფიკაციო B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს (3 მატჩი, 7 ქულა), მეორეზე შვედეთია (2 მატჩი, 6 ქულა), მესამეზე კი - საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა). ჯგუფში ბოლო ადგილს კოსოვო (2 მატჩი, 0 ქულა) იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები