Thumbnail
  • UFC ON ESPN 30-ის მთავარ ბრძოლაში გიგა ჭიკაძე ედსონ ბარბოზას შეხვდება
  • 33 წლის ქართველი სპორტსმენი UFC-ში ზედიზედ მე-7 მოგებისთვის იჩხუბებს

UFC ON ESPN 30-ს ლას ვეგასი უმასპინძლებს და ამ ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე იჩხუბებს. ეს ქართული MMA-ს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც UFC-ის ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი მებრძოლის ჩხუბით დასრულდება.

ორთაბრძოლა 29 აგვისტოს, თბილისის დროით 06:00-საათზე დაიწყება.

33 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ში მეშვიდედ იჩხუბებს. ქართველ მებრძოლს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო UFC-ში ზედიზედ 6 ბრძოლა აქვს მოგებული. გიგა ოქტოგანზე ბოლოს 2 მაისს გავიდა და 63 წამში ამერიკელი ქაბ სვენსონი დაანოკაუტა, რის შედეგადაც ნახევრად მსუბუქი წონის რეიტინგის TOP 10-ში აინაცვლა.


35 წლის ედსონ ბარბოზამ UFC-ში 22 ბრძოლა მოიგო, 9 კი დათმო. ერთი პერიოდი ბრაზილიელს კატასტროფული სერია ჰქონდა, როდესაც 6 ბრძოლიდან 5 შეხვედრა დათმო და მხოლოდ ერთი მოიგო. ეს სერია ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხით დაიწყო და დენ აიჯთან წაგებით დასრულდა.

ბარბოზამ წონა შეიცვალა და წარუმატებელი სერიის გამოსწორება უკვე შარშან ოქტომბრიდან მოახერხა, როდესაც მსაჯთა გადაწყვეტილებით მაკვინ ამირხანს აჯობა, რის შემდეგაც კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა - მან 2021 წლის მაისში ვადამდე შეინ ბურგოსს სძლია.

დგომში ჩხუბის მოყვარულებს ამ ბრძოლის ყურება ნამდვილად ესიამოვნებათ. ამ წონითი კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მებრძოლები ნამდვილ ომს გვპირდებიან. ბარბოზა გიგაზე გამოცდილი მებრძოლია. 35 წლის ედსონი UFC-ში 2012 წლიდან იბრძვის. მას საკმაოდ სერიოზულ მეტოქეებთან უჩხუბია: ტონი ფერგიუსონთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან, ჯასტინ გეიჯისთან, ბენეილ დარიუშსა და გილბერტ მელენდესთან.

მიუხედავად იმისა, რომ გიგას UFC-ში ამხელა გამოცდილება არ აქვს, ის ამბობს, რომ მეტოქე მისმა გუნდმა დეტალურად შეისწავლა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბარბოზას მოქმედებებში ძალიან ბევრი ნაკლი აქვს, რომლებსაც გიგა ბრძოლის დროს გამოიყენებს.

იმედია, რომ ქართველი სპორტსმენი UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებას მოიპოვებს, რაც მას შანსს მისცემს, რომ საკუთარი მიზნისკენ გზა გააგრძელოს. ეს მიზანი კი UFC-ს ჩემპიონობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები