Thumbnail
  • ბოსტონს NBA-ს ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
  • სელტიკსმა კავალიერსს მეხუთე მატჩი მოუგო (3:2)

ბოსტონმა პლეი ოფის მე-10 საშინაო მატჩიც მოიგო - სელტიკსმა ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ კავალიერსი 96:83 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოსტონელებს NBA-ს ფინალამდე ერთი მოგება აშორებთ. სელტიკსი მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა - ლებრონმა ვერაფერი გააწყო!

როგორც მოსალოდნელი იყო, ბოსტონმა საკუთარ დარბაზში კვლავ უდიდესი თავდაჯერებით ითამაშა. განსაკუთრებით კარგი და აგრესიული ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ, რომელმაც პირველ მეოთხედში 9 ქულის გაკეთება შეძლო. 23:7 გაქცევის დამსახურებით, სელტიკსი 12 წუთის შემდეგ 32:19 იგებდა.

ჯეილენ ბრაუნი და ლებრონ ჯეიმსი

მეორე მეოთხედში კლივლენდს ჰქონდა კარგი მომენტები - მაგალითად, 12:3 გაქცევა, რაც ჯორდან კლარკსონისა და კაილ კორვერის დამსახურება გახლდათ. თუმცა ბოსტონელები თამაშს აკონტროლებდნენ, დაცვაში მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და შეეძლოთ, პირველი ტაიმი უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგოთ, საბოლოოდ კი, გუნდები შესვენებაზე რომ გავიდნენ, ტაბლოზე 53:42 ენთო.

როდესაც სელტიკსმა რიტმი დაკარგა, კლივლენდმა თამაშში რეალურად დაბრუნების შანსი ხელიდან გაუშვა. თუ მეორე პერიოდის მიწურულს არ ჩავთვლით, ლებრონ ჯეიმსი ცუდად გამოიყურებოდა. “მეფემ” რამდენიმე ცუდი პასი გააკეთა. მერე კი, როცა სელტიკსმა ჯეილემ ბრაუნით ტემპი დაიბრუნა, კლივლენდის სისუსტეები უფრო თვალსაჩინო გახდა. მესამე პერიოდი 76:60 დასრულდა.

სხვაობა 20 ქულამდეც გაიზარდა, მაგრამ ლებრონმა მცირე პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ მოინდომა. ჯეფ გრინის სამქულიანის შემდეგ სხვაობა 12 ქულამდე შემცირდა და ისე ჩანდა, თითქოს კავალიერსი თამაშში ბრუნდებოდა. კლივლენდი მკაცრ დაცვაზე გაადერთო, რის შედეგადაც ბოსტონი 4 წუთის განმავლობაში ქულის გარეშე დარჩა, თუმცა შემდეგ ოლ ჰორფორდის მომენტი დადგა და ანგარიში 85:71 გახდა. კლივლენდელებს თავიანთი შანსები ჰქონდათ, მაგრამ ქულებში ვერ ასახეს, რაც ლებრონის დაკარგვების ბრალია (ჯამში 6). ჰორფორდმა კი, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე, სხვაოვა 17 ქულამდე გაზარდა და ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

კლივლენდიდან ნორმალურად მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ითამაშა და ესენი იყვნენ რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსი (26 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 6 დაკარგვა) და კევინ ლავი (14 ქულა). ბოსტონმა გაცილებით უკეთ და, თანაც გუნდური კალათბურთი ითამაშა. საუკეთესო ტეიტუმი იყო (24 ქულა). გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჰორფორდს (15 ქულა, 12 მოხსნა), მორისს (13) და სმარტს (13).

ტაირონ ლიუ

“ფაქტია, დღეს ცუდად ვითამაშეთ. ჩემი კალათბურთელებისგან ასეთ თამაშს არ მოველოდი. უფრო მკაცრი თამაში და გაცილებით მეტი კონცენტრაციაა საჭირო. ლებრონი ცოტათი გადაღლილი ჩანდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ კლივლენდის მთავარმა მწვრთნელმა ტაირონ ლიუმ.

“ტეიტუმი დღეს უბრალოდ შეუდარებელი იყო. არა მგონია, რომ “რუქისთან” ვინმე ასეთ შესანიშნავ თამაშს ელოდეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის მომდევნო წლებში კიდევ მაგრად მოუმატებს,” - ეს ბოსტონის თავკაც ბრედ სტივენსის სიტყვებია. ტეიტუმი მართლაც შესანიშნავი იყო. ყოველთვის, როცა მას ბურთი ჰქონდა, ბოსტონისთვის რაღაც კარგი ხდებოდა.

მომდევნო მატჩი შაბათს გამთეენისას, კლივლენდში გაიმართება - ერთი მოგებაც და ბოსტონი ფინალში გავა. თუ ლებრონმა და კომპანიამ იმ მატჩის მოგება მოახერხეს, მერე ბრწყინვალე, გადამწყვეტ მე-7 შეხვედრას დაველოდებით.

კომენტარები

ბოლო ამბები