Thumbnail
  • ოფიციალურად: ანჩელოტი ნაპოლის მთავარი მწვრთნელია
  • კარლოს ბაიერნის ნახევარმცველის გადაბირება სურს

გუშინ, საღამოს, ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კარლო ანჩელოტი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 58 წლის იტალიელისთვის, რომელსაც იტალიის ნაკრების გაწვრთნასაც სთავაზობდნენ, მიუნხენის ბაიერნის შემდეგ ეს პირველი სამსახურია.

“მოხარულები ვართ, გაცნობთ, რომ კარლო ანჩელოტისთან შეთანხმება მიღწეულია,” - ნათქვამია სამხრეთიტალიური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ანჩელოტი და ნაპოლის ბოსი აურელიო დე ლაურენტისი

“ბედნიერი ვარ! ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო განუმეორებელი ქალაქის შესანიშნავი გუნდის მთავარი მწვრთნელი. ნაპოლის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს,” - ეს კი თავად ანჩელოტის სიტყვებია.

58 წლის კარლომ ნეაპოლურ კლუბში მაურიციო სარი შეცვალა, რომელიც, დიდი ალბათობით, რუსული ზენიტის დამრიგებელი გახდება. როგორც იცით, რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ ზენიტი უმწვრთნელოდაა. ამრიგად, მომავალი სეზონიდან სწორედ ანჩელოტი შეეცდება, რომ იტალიაში ტურინის იუვენტუსის ჰეგემონია დაემხოს და ნაპოლი ჩემპიონი გახდეს. კარლომ ნეაპოლში 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და იტალიური მედიის ცნობით, წელიწადში 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კარო ანჩელოტი მიუნხენის ბაიერნიდან 28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაში, პსჟ-სთან წაგების (0:3) შემდეგ გაათავისუფლეს. წინა სეზონში მან ბაიერნი გერმანიაში გააჩემპიონა, ჩემპიონთა ლიგაში კი, რეკორდმაისტერი მეოთხედფინალში მომავალ გამარჯვებულ რეალთან დამარცხდა.

წაიყვანს კარლო ვიდალს ნეაპოლში?

უახლესი ინფორმაციით, ანჩელოტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, რამდენიმე ტოპ-ფეხბურთელის ტრანსფერი იქნება. ნაპოლიში გადასვლის ნომერ პირველი კანდიდატი ბაიერნის ჩილელი საყრდენი ნაცევარმცველი არტურო ვიდალია, რომელთანაც კარლოს მიუნხენში ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 

ანდრეა პირლოს გამოსათხოვარ მატჩზე ანჩელოტი და ვიდალი დაპატიჟებულები იყვნენ და როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, მატჩის შემდეგ ბევრი ისაუბრეს.

ვიდალს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს. გერმანული მედიის ცნობით, ბაიერნი მზადაა, ჩილელი 50 მილიონ ევროდ დათმოს. საქმე ისაა, რომ 31 წლის ვიდალს რეკორდმაისტერში ისედაც ბევრი კონკურენტი ჰყავს, მომავალი სეზონიდან კი ბაიერნს ლეონ გორეტცკაც შეუერთდება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • რეალ მადრიდი
  • ლივერპული

კომენტარები

ბოლო ამბები