Thumbnail

დღეს, სტამბოლში მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. 32 გუნდი, ტრადიციულად, 8 ჯგუფში გადანაწილდა.

სამწუხაროდ, ჯგუფური ეტაპი ქართველი ფეხბურთელის გარეშე ჩაივლის - მართალია, დინამო კიევში გიორგი წიტაიშვილი ირიცხება, მაგრამ ის სეზონის ბოლომდე იჯარით ჩერნომორეცშია განათხოვრებული. თეორიულად, შესაძლებელია, ლიგაზე გიორგი აბუაშვილმა ითამაშოს, რომელიც პორტუს სარეზერვო კლუბში ირიცხება და კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება ნებისმიერ დროს შეუძლია. იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული შერიფის გენერალური დირექტორი მოლდოვური კლუბის ლეგენდა ვაჟა თარხნიშვილია.

გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: მანჩესტერ სიტი, პსჟ, ლაიპციგი, ბრიუგე.

B ჯგუფი: ატლეტიკო, ლივერპული, პორტუ, მილანი.

C ჯგუფი: სპორტინგი, დორტმუნდი, აიაქსი, ბეშიქთაში.

D ჯგუფი: ინტერი, რეალი, შახტარი, შერიფი.

E ჯგუფი: ბაიერნი, ბარსელონა, ბენფიკა, დინამო კიევი.

F ჯგუფი: ვილიარეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ატალანტა, იანგ ბოიზი.

G ჯგუფი: ლილი, სევილია, ზალცბურგი, ვოლფსბურგი.

H ჯგუფი: ჩელსი, იუვენტუსი, ზენიტი, მალმიო.

პირველივე ჯგუფში დიდი ინტრიგაა: სიტი პსჟ-ს წინააღმდეგ - ანუ, ხოსეპ გვარდიოლა ლეო მესის წინააღმდეგ და თუ კრიშტიანო რონალდო მართლაც გადავა სიტიში, მაშინ - კრიშტიანო V მესი. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიხების გრანდების დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება.

დრამატული ბრძოლები გველის დიეგო სიმეონეს ატლეტიკოსა და იურგენ კლოპის ლივერპულს შორისაც, ასევე იტალიის ჩემპიონ ინტერსა და რეალს შორის. ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მშვენება იქნება ბაიერნისა და ბარსელონას დუელები, ისევე, როგორც მოქმედი გამარჯვებულის, ჩელსის და იუვეს დაპირისპირებები. საინტერესოა, რომ ინტერი, რეალი და შახტარი შარშანაც ერთ ჯგუფში იყვნენ. 

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ქვეყნიდან ორი გუნდი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებოდა. ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩები 14/15 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ჯგუფური ტურნირი 7/8 დეკემბერს დასრულდება. ფინალი 28 მაისს, სანკტ პეტერბურგში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები