Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს აგენტი იუვენტუსის ბოსებს ხვდება
  • CR7-ს გუნდიდან წასვლა სურს, სიტი დაინტერესებულია

კრიშტიანო რონალდოს მომავალი შესაძლოა, დღეს გადაწყდეს!

36 წლის სუპერვარსკვლავის აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინშია და იუვეს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს. "ტუტოსპორტი" წერს, რომ არ არის გამორიცხული, დღეს მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდეს. რონალდო გუნდიდან წასვლას ითხოვს და ასეთ დროს მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია.

კრიშტიანოს წინადადება მანჩესტერ სიტისგან აქვს, რომელსაც ჰარი კეინის ტრანსფერი ჩაეშალა. ინგლისელები მზად არიან, პორტუგალიელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმონ და სეზონში 15 მილიონი ევრო გადაუხადონ, მაგრამ მისი დამატება მხოლოდ უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით სურთ. ამიტომაც, დღის წესრიგში კონტრაქტის გაწყვეტა დადგა.

თავდაპირველად, იუვე ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, 25-30 მილიონ ევროს ან სანაცვლოდ გაბრიელ ჟეზუშს ითხოვდა, რომელიც მასიმილიანო ალეგრის ძალიან მოსწონს. მეორეს მხრივ, პეპ გვარდიოლამ ბრაზილიელი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება კლუბის ბოსებს აუკრძალა. ამდენად, ახლა ყველაფერი იქეთ მიდის, რომ კრიშტიანო კონტრაქტს გაწყვეტს.

ამასობაში, ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად იუვენტუსი ჯერ კიდევ 28-30 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო სიტის არ სურს ფულის გადახდა. გარდა ამისა, ოფიციალური წინადადებით ინგლისელებს იტალიელებისთვის არ მიუმართავთ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღე დარჩა, რაც ცოტა დროა და ყველაფერი მალე უნდა გაირკვეს - შეიძლება, დღესაც. შეგახსენებთ, რომ რონალდო იუვენტუსში 2018 წლიდან თამაშობს და 134 მატჩში 101 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები