Thumbnail
  • რომას თავკაცი ტრანსფერებზე შეკითხვამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა
  • პორტუგალიელმა ვარსკვლავებით გადავსებული პსჟ-ის მწვრთნელი ახსენა

რომას მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მისი გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე იხუმრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, რომელიც იტალიაში სამუშაოდ სეზონის წინ დაბრუნდა, საუბარში პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ახსენა, რომლის ვარსკვლავურ გუნდს ცოტა ხნის წინ ლიონელ მესი შეემატა.

ევროპაში სატრანსფერი ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება, ჟოზეს კი შეკითხვა იმაზე დაუსვეს, სჭირდება თუ არა მის გუნდს ფეხბურთელების დამატება.

"როდესაც ვამბობ ხოლმე, რომ სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვგულისხმობ იმას, რომ კარი ღიაა როგორც ვინმეს წასასვლელად, ისე მოსასვლელად. თუმცა, ამჟამინდელ ვითარებაში უფრო მოსალოდნელია, რომ კარი ღია წამსვლელებისთვის იყოს. ერთადერთი მწვრთნელი მსოფლიოში, რომელიც სრულებით კმაყოფილია თავისი გუნდით, ეს ალბათ მაურისიო პოჩეტინოა და სხვა არავინ", - აქვეყნებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს იტალიური მედია. 

შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლიონელ მესის გარდა, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, მცველი სერხიო რამოსი და ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმიც დაიმატა. 

ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა რომამ სერია A-ს 2021/22 წლების სეზონი მოგებით დაიწყო. რომაელებმა პირველ ტურში შინ ფიორენტინას ანგარიშით 3:1 მოუგეს, მომდევნო მატჩს კი 29 აგვისტოს, სტუმრად სალერნიტანასთან ჩაატარებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები