Thumbnail

მას მერე, რაც NBA-ის ჩემპიონთან მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა ახალი კონტრაქტი გააფორმა - მილუოკი ბაქსი საბოლოოდ "დალაგდა" და სექტემბრის წინასასეზონო კემპს მშვიდად ელის. მილუოკი წინა სეზონთან შედარებით, უმნიშვნელოდ კი შეიცვალა, მაგრამ ერთ-ერთი ცვლილება ქართველი გულშემატკივრებისთვის უმთავრესია - გუნდმა დრაფტის 54-ე ნომრად არჩეული სანდრო მამუკელაშვილი დაიმატა.

მილუოკის კემპზე სულ მცირე, 17 მოთამაშე შეიკრიბება და მათ შორის იქნება სანდრო მამუკელაშვილიც. 

წამის წინ იანისი NBA-ის ჩემპიონი გახდა

კოსმეტიკური ცვლილებები

გასული სეზონის დასრულების შემდეგ მილუოკი დატოვა პი ჯეი ტაკერმა, 36 წლის ფორვარდი დაცვაში გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იყო და სასტარტო ხუთეულშიც ხვდებოდა. წავიდნენ ბრინ ფორბსი და ჯეფ ტიგიც. სამაგიეროდ, ჩემპიონმა დაიმატა ჯორჯ ჰილი, როდნი ჰუდი, სემი ოჯელეიე და გრეისონ ალენი. ორმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, ბობი პორტისმა და თანასის ანტეტოკუნმპომ. დრაფტიდან გუნდს გეორგიოს კალაიცაკისი და სანდრო მამუკელაშვილი დაემატნენ. 

ერთი ზედმეტია და ერთი ადგილიც ვაკანტურია

ასე რომ, ბაკსს 13 ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომელთაც გარანტირებული კონტრაქტი აქვთ, 3-ს ნაწილობრივ გარანტირებული (ბრაიანტი, დიაკიტე და კალაიცაკისი), ერთს კი ორმხრივი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან (სანდრო). რეგულარული სეზონისთვის გუნდში შეიძლება დარჩეს 15 მოთამაშე სრულყოფილი კონტრაქტით და 2 კალათბურთელი, რომელთაც ორმხრივი კონტრაქტი ექნებათ. როგორც ხედავთ, გუნდის შემადგენლობა 99%-ით აღარ შეიცვლება - არის ერთი ვაკანტური ადგილი ორმხრივი კონტრაქტისთვის და 16 კონტრაქტიანი მოთამაშიდან 1 ზედმეტია. სასტარტო ხუთეული უცვლელი იქნება: ჰოლიდეი, დივინჩენცო, მიდლტონი, იანის ანტეტოკუნმპო და ბრუკ ლოპესი. 

უფრო ღრმა და უკეთესო სათადარიგოთა სკამი

NBA-ის ოფიციალური საიტის მიხედვით, ბაქსს უკეთესი და უფრო ღრმა სათადარიგო სკამი აქვს, ვიდრე საჩემპიონო სეზონში ჰქონდა. სკამიდან მთავარი პერსონები არიან კონატინი და პორტისი. გუნდში დაბრუნებული ჰილი ნამდვილად მიიღებს საჭირო წუთებს სათადარიგო გამთამაშებლის პოზიციაზე. 

შეგახსენებთ, რომ ორმხივი კონტრაქტის გამო, სანდრო მამუკელაშვილს ამ სეზონში მხოლოდ 50 დღე შეუძლია გაატაროს მილუოკის შემადგენლობაში, დანარჩენ დროს კი G ლიგაში თამაში მოუწევს. ძლიერი შემადგენლობისა და კონტრაქტის ფაქტორის გათვალისწინებით, ქართველ ფორვარდს ძალიან უნდა გაუჭირდეს როტაციაში დამკვიდრება, მაგრამ მას ზურგს ბრწყინვალედ ჩატარებული საზაფხულო ლიგა უმაგრებს, სადაც ლიგის მე-3 სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა და თუ კემპზეც თავს გამოიჩენს, არაფერია წარმოუდგენელი, მით უფრო, რომ მილუოკის ფანებში ის უკვე ძალზე პოპულარულია. 

მილუოკი ბაქსი 2021/22

მცველები: ჯრუ ჰოლიდერი, პეტ კონატინი, ჯორჯ ჰილი, გრეისონ ალენი, ელია ბრაიანტი

პერიმეტრი: კრის მიდლტონი, იანის ანტეტოკუნმპო, როდნი ჰუდი, ჯორდან ნვორა, თანასის ანტეტოკუნმპო, გეორგიოს კალაიცაკისი

ფარი: ბრუკ ლოპესი, ბობი პორტისი, სემი ოჯელეიე, მამადი დიაკატე, სანდრო მამუკელაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები