Thumbnail

'ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება' - პიოლი იბრას დაბრუნების ვადებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის თავდამსხმელი გუნდთან ერთად ვარჯიშს ჯერჯერობით ვერ ახერხებს
  • 39 წლის შვედი მოედანს სავარაუდოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება

მილანი სერია A-ს 2021/22 წლების სეზონს 23 აგვისტოს, სტუმრად სამპდორიასთან თამაშით დაიწყებს. ცნობილია, რომ "როსონერის" საწყის ტურებში ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდება. შვედი თავდამსხმელის მოედანზე დაბრუნების ვადებზე, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა.

იბრა სტეფანო პიოლის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია

"იბრაჰიმოვიჩი ფიზიკურად თავს ახლა უკვე უკეთესად გრძნობს, მაგრამ ის გუნდთან ერთად ვარჯიშს ჯერჯერობით ისევ ვერ ახერხებს. მისთვის მნიშვნელოვანი მომდევნო კვირა იქნება. ის ნორმალურ რითმში ბურთთან იმუშავებს, რაც აშკარად აკლდა. თუკი ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც იგეგმება, მის დაბრუნებას სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ უნდა ველოდოთ. 

გუნდში მისი როლი კვლავაც უმნიშვნელოვანესია. ის ქარიზმატული და ტექნიკური ლიდერია. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, მას ყველაფერი წესრიგში აქვს და იცის, რომ შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს",  - ამბობს მილანელთა თავკაცი. 

შეგახსენებთ, რომ მილანის 39 წლის თავდამსხმელმა მუხლის ტრავმა 9 მაისს, იტალიის ჩემპიონატის მატჩში, ტურინის იუვენტუსთან მიიღო, ივნისში კი ოპერაცია გაიკეთა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ვერ დაეხმარა. 

ზლატანი შვედეთის ნაკრებს დაუბრუნდა, მაგრამ ევრო 2020-ზე ვერ დაეხმარა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს გასულ სეზონში 27 მატჩში ითამაშა, გაიტანა 15 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. მილანმა კი 79 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ინტერს (91) ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები