Thumbnail

ჭიდაობა | 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა
  • გიორგი ჩხიკვაძე ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა
  • საბა მამალაძემ ბრინჯაოს მედლის დაუფლება შეძლო
  • ჯამში, 10 ქართველი მოჭიდავიდან მედალი სამმა მოიპოვა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა - ვერცხლი და ბრინჯაო.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ.) რუსეთის ქალაქ უფაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჩხიკვაძე ფინალში რუს ევგენი ბაიდუსოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო. პირველ პერიოდში ორივე ფალავანმა ორ-ორი ქულა აიღო, მაგრამ ბოლო ქულები გიორგის ჰქონდა მითვლილი და წინ იყო. თუმცა, მე-2 პერიოდში ერთადერთი მომგებიანი ქულა რუსმა მოჭიდავემ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსაჯს პასიურობისთვის ბაიდუსოვის გაფრთხილება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა.


ფინალამდე, ჩხიკვაძემ სამი შეხვედრა მოიგო. მან ბელარუს ანდრეი კავალეუსკის 10:0, აზერბაიჯანელ ხასაი ჰასანლის 11:0, სომეხ შანთ ხაჩატრიანს 8:1 აჯობა და ფინალში ძალიან დამაჯერებლად გავიდა. გიორგიმ საქართველოს ნაკრებს მე-2 მედალი შესძინა. 21 აგვისტოს ვერცხლის მედალი დიეგო ჩხიკვაძემ (63 კგ) მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა მამალაძემ (82 კგ.). მან ასპარეზობა 21 აგვისტოს დაიწყო და პირველ წრეში აზერბაიჯანელ მურად აჰმადიევს 11:0 მოუგო, მაგრამ შემდეგ სომეხ კარენ ხაჩატრიანთან 1:8 წააგო, თუმცა მისი მეტოქე ფინალში გავიდა და საბამ დღეს რეპეშაჟში გადაინაცვლა. ქართველმა მოჭიდავემ ეს შანსი იდეალურად გამოიყენა - ჯერ უნგრელი დომინიკ მეზეი 11:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ინდოელი რავი მალიკის დასამარცხებლად წუთიც არ დასჭირვებია (8:0).


დღესვე ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ლუკა ოჩიგავას (67 კგ.) ჰქონდა. მან რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში ფინელ ნესტორი კალე მანილას (12:3) იოლად მოუგო, მაგრამ შემდეგ რუს მუსლიმ იმადაევთან 0:5 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება ვერ მოიპოვა. ოჩიგავას გარდა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლის გარეშე დარჩნენ გიორგი თოხაძე (60 კგ.), გიორგი მეტრეველი (87 კგ), მათე გოქაძე (130 კგ). გიორგი შპეტიშვილი (77 კგ.), დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ.) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ).

ამგვარად, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ უფაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მანამდე თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდა, რომელშიც საქართველო 9 ფალავანით მონაწილეობდა, მაგრამ 1 მედლის მოპოვებაც ვერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები