Thumbnail

ჭიდაობა | ჩხიკვაძის ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დიეგო ჩხიკვაძემ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
  • გიორგი ჩხიკვაძე 22 აგვისტოს, ფინალში იჭიდავებს, ორი ფალავანი რეპეშაჟშია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ.) რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჩხიკვაძემ კვალიფიკაციაში ფრანგ იანის ნიფრის 9:0 სძლია, მერვედფინალში ფინელ კასპერი კაუჰანენს 8:1 მოუგო, მეოთხედფინალში თურქი ისმაილ ორუჯოღლუ დაჯაბნა (3:0), ნახევარფინალში კი შვედი ნიკლას ოელენი დაამარცხა - 6:0. ფინალში ქართველი ფალავნის მეტოქე რუსი საიდ ხუსეინ ბაკაევი იყო, რომელთანაც 0:10 წააგო და კვარცხლბეკის მე-2 საფეხურს დასჯერდა.

დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც ჰქონდა. გიორგი შპეტიშვილმა (77 კგ) რეპეშაჟში ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო ყირგიზ ბაკდაულეტ ეგენბერდიევთან (10:0) და თურქ იუქსელ სარიჩიჩეკთან (6:2), მაგრამ მედლისთვის შეხვედრაში თავად წააგო მოლდოველ ალექნსდრი გუტუსთან (0:9) და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

ფინალში იჭიდავებს გიორგი ჩხიკვაძე, რომელმაც დღეს სამი შეხვედრა მოიგო. მან ბელარუს ანდრეი კავალეუსკის 10:0, აზერბაიჯანელ ხასაი ჰასანლის 11:0, სომეხ შანთ ხაჩატრიანს 8:1 აჯობა და ფინალში ძალიან დამაჯერებლად გავიდა, სადაც 22 აგვისტოს, რუსი ევგენი ბაიდუსოვის წინააღმდეგ იჭიდავებს.

ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებენ ლუკა ოჩიგავა (67 კგ.) და საბა მამალაძე (82 კგ.) ოჩიგავამ მერვედფინალში მარცხი განიცადა, მაგრამ მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ჰარსათ ჯაფაროვი ფინალში გავიდა და ქართველს ხვალ შანსი რეპეშაჟში მიეცემა. მისი მეტოქე ფინელი კალე მანილა იქნება, მასთან მოგების შემთხვევაში კი რუს მუსლიმ იმადიევს დაუპირისპირდება. მამალაძემ მეოთხედფინალში გასვლა შეძლო, იქ კი დამარცხდა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე ფინალში გავიდა. ამგვარად, საბა რეპეშაჟში გადავიდა და უნგრელ დომინიკ მეზეის თუ მოუგებს, ბრინჯაოს მედლისთვის ინდოეთის წარმომადგენელ რავი მალიკს შეხვდება. დღესვე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულეს დიმიტრი ხაჩიძემ (55 კგ.) და ლაშა ტვილდიანმა (97 კგ.).

20 აგვისტოს, ხალიჩაზე გიორგი თოხაძე (60 კგ.), გიორგი მეტრეველი (87 კგ.) და მათე გოქაძე (130 კგ.) გავიდნენ, თუმცა, პირველივე ორთაბრძოლები წააგეს და ვინაიდან, ის მოჭიდავეებიც გამოვარდნენ, რომლებმაც მათ აჯობეს, ქართველები რეპეშაჟშიც ვერ მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე 9 სპორტსმენით იყო წარდგენილი, თუმცა, 1 მედლის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები