Thumbnail

ოფიციალურად: ქარიმ ბენზემამ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბენზემა მადრიდის რეალის ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს
  • 33 წლის ფრანგი თავდამსხმელი კარლო ანჩელოტის გუნდში ბედნიერია

მადრიდის რეალის თავდამსხმელმა ქარიმ ბეზნემამ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

33 წლის ფრანგი ფორვარდი “სამეფო კლუბის” ღირსებას 2009 წლიდან მოყოლებული იცავს, სადაც ლიონიდან 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.  რეალსა და ქარიმს შორის გაფორმებულ უწინდელ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდიოდა. 

ქარიმ ბენზემამ რეალის მაისურით 560 ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა, რომლებშიც 281 გოლის გატანა მოახერხა. ფრანგი ამ მაჩვენებლებით მადრიდული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირების სიაში მეხუთე პოზიციას იკავებს, ჩატარებული მატჩების რაოდენობით კი მეათეა. 

ბენზემამ რეალში ლა ლიგა სამჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი ოთხჯერ მოიგო

"მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ჩემი ისტორია გრძელდება. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მადლობა ამდენი წლის განმავლობაში ჩემთვის ნდობის გამოცხადებისთვის", - დაწერა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში. 

გასულ სეზონში ქარიმ ბენზემამ მადრიდის რეალის ღირსება ყველა ტურნირის 46 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 30 გოლითა და 9 საგოლე პასით გამოირჩა. ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის სტარტზე რეალმა სტუმრად ალავესი ანგირით 4:1 დაამარცხა, ბენზემამ კი დუბლი მიითვალა. მე-2 ტურში რეალი სტუმრად ლევანტეს ეთამაშება. მატჩი 22 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები